შსს-ში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგი ტარდება

პერსონალური მონაცემების ინსპექტორის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სამდღიან ტრენინგს ატარებს. შსს-ს ცნობით, ტრენინგის მიზანია სამინისტროს სისტემაში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მომზადება, რომლებიც შემდეგ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებს კონსულტაციას გაუწევენ და სწავლებებს ჩაუტარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში, სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკული ასპექტების განხილვით მიმდინარეობს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების 2014 წლის სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ამ კუთხით ინოვაციური პროცედურების დამკვიდრებას, რაც პერსონალური მონაცემების დაცვასთან მჭიდრო კავშირშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის სტრატეგიის გათვალისწინებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ახალ საფეხურზე აიყვანს სამინისტროს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და უზრუნველყოფს შსს-ს მიერ პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას. მომავალში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე ტრენინგები სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და სსიპ-ების წარმომადგენელთათვის ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები