“ცხვრები არ არის შეურაცხყოფა”, – მურმან დუმბაძემ “ოცნების” ამომრჩევლები კიდევ ერთხელ გალანძღა(ვიდეო)
მურმან დუმბაძე, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებზე ჯერ სწყევლიდა, შემდეგ კი “დაბნეულ ცხვრებს” უწოდებდა, პოლიტიკურად გაიზარდა და ახალ მესიჯს ახმოვანებს – „ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.
როგორც “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა, მურმან დუმბაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას, როგორც პოლიტიკოსს, არავითარ უხერხულობას უქმნის ყოფილი მესიჯები და არც შეურაცხყოფად აფასებს.
„არანაირ უხერხულობას მიქმნის. ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ხსნა, ის არის „დაბნეული ცხვარი“ და უნდა გამოსწორდეს, ცხვარი არ არის ცუდი სიტყვა“, – აცხადებს მურმან დუმბაძე.
გარდა ამისა, მურმან დუმბაძე, რომელიც დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას მოსახლეობას “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით შეხვდა, ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს და ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ხმა “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს მისცენ.
დუმბაძე, რომელმაც, წლების განმავლობაში, მიზნის მისაღწევად რამდენიმე პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გემოვნება გამოიცვალა, აცხადებს, რომ არცერთ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” აუგად არ მოუხსენებია; თუმცა, 2012 წლის მისი „პოლიტიკური წყევლა“ მარჯვენა ხელთან დაკავშირებით, აღარ ახსოვს და არც შეურაცხყოფად აფასებს.
უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაშია და ამით ამაყობს კიდეც. თუმცა, ფაქტი, რომ მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში პარტია „ქართული ოცნების“ სიის წყალობით პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობდა, არ ეუხერხულობა.
გარდა ამისა, არ უქმნის უხერხულობას სახელწოდება „პოლიტიკური კიკუ“, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა პარტიაში ყოფნის გამო შეარქვა.
„ბიძინა ივანიშვილი არის დამარცხებადი, არის წარსული და აუცილებლად მოვუგებთ. მაგრამ მოგება არ უნდა დასრულდეს წერტილით; ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს სისხლის სამართლის დანაშაულებების გახსნით, რომელიც ჩადენილი აქვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ. არჩევნები არ წამიგია არცერთი ხელისუფლების დროს, არ წამიგია კომუნისტების დროს, არ წამიგია ზვიად გამსახურდიასთან, არ წამიგია შევარდნაძესთან, არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ბიძინა ივანიშვილთან წავაგებ. აუცილებლად მოვიგებ, გაძლევთ ამის გარანტიას“, – განუცხადა „კვირას“ მურმან დუმბაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.