დაბა ხარაგაულში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

 სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს. გასვლით სხდომას ესწრებიან როგორც კომისიის წევრები, ისე მოწვეული წევრები. სხდომა იუსტიციის მინისტრმა კომისიის მოწვეულ წევრზე − ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე საუბრით დაიწყო. თავმჯდომარემ კომისიის სახელით დაგმო კერძო პირების მიერ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ კომისია დღეს პროკურატურისგან ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.
უწყებათშორისმა კომისიამ ხარაგაულში მოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატი, რომლებმაც კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შემოიტანეს. საუბარი ეხება „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატის როინ ხიჯაკაძის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლას.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნოს ამ პრობლემას და შესაბამისი ზომები მიიღოს. მისივე თქმით, დღესვე სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომისიის წევრებს და პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ექნებათ, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხის გარდა, წამოჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. უწყებათშორის კომისიაში უკვე არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი სიტუაციის ადგილზე შესასწავლად სხდომას რეგიონებში ატარებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იუსტიციის მინისტრი და კომისიის წევრები ბოლნისში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები