“ვენეციის კომისია უზენაესის მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებზე საქმის კურსშია”

“ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებზე საქმის კურსშია”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, ამ კვირაში საკუთარი დასკვნის წარმოდგენა, გვინდოდა მანამდეც, მაგრამ, საბოლოოდ, ვერ ხერხდებოდა და ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, რათა პარასკევამდე მოგვესწრო მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღება. ეს თხოვნა წარვუდგინეთ ვენეციის კომისიას და დაგვთანხმდა, ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში. ამ კუთხით ყველაფერი არის ნათელი. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ საბოლოოდ მიიღება მეორე მოსმენით კანონპროექტი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ იცის იმის შესახებაც, რომ კანონპროექტის მიღება მეორე მოსმენით ორი კვირის წინ უნდოდათ, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში სერიოზული სირთულეებია.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 10 მოსამართლე, ივნისში იქნება რვა მოსამართლე. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ანუ, ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს თითო მოსამართლე ეყოლება, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ პრობლემებთან. ეს პრობლემები, საბოლოოდ, დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან, მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტხანს დარჩენა წინასწარ პატიმრობაში. ასევე, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს დარღვეული უფლების აღდგენასა და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას. ბუნებრივია, არ უნდა დავაყენოთ ათასობით ადამიანის ბედი ამ კუთხით პრობლემის ქვეშ თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ კანონპროექტი. გავაცანით ვენეციის კომისიიას ჩვენი გრაფიკი, ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება და გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა მიიღებოდა კანონპროექტი, რაც აღმოჩნდა მათთვის მისაღები და დაგვთანხმდნენ ხვალისთვის საკუთარი დასკვნის წარმოდგენას, რათა გვქონდეს საკმარისი დრო პლენარულ განხილვამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეს ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტური აქვს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები