ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება

 გრძელდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.  სამუშაოები საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განვლილ 3 წელს სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების ეტაპებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. მუზეუმ ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები. მოეწყო ავტოსაპარკინგე მეურნეობა.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. მიმდინარე წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია აღიჭურვება ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით, რომელიც სამომავლოდ ნოქალაქევის მიმართ ვიზიტორთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.
უკვე დასრულებულია ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ფერდობისა და ციტადელის პროექტირების სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება. ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვას სამომავლოდ იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომელთანაც სააგენტოს თანამშრომლობის პროგრამა მიმდინარე წლიდან ამოქმედდა. 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს“, ,,არქეოპოლისს“ წარმოადგენდა. ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და ის სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).
ნოქალაქევის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობა“. ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია და საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები