ზაზა გაბუნია: ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო გარანტიები “დედა ენისთვის”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და “დედა ენის” სკოლებში დაბრუნებისათვის მომზადებული კანონპროექტის ავტორი ზაზა გაბუნია დედაენის დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“წლევანდელ წელს, დედაენის დღეს მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით – ჩვენი ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ, უკვე შეიქმნა საკანონმდებლო საფუძვლები იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნებისათვის და მისი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ფორმალური განათლების პროცესში გარანტირებულად ჩართვისთვის. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი და მარიამ ჯაშის, როგორც კანონის ავტორების და მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს გახლავთ მთელი ერის გამარჯვება. საკითხი, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება – მას თავის საშობაო ეპისტოლეში გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქი – მხარდაჭერა მიიღო სამეცნიერო და პედაგოგიური წრეებიდან, დადებითი ემოციები შეიტანა ოჯახებში და მოიპოვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მხარდაჭერა.
წინ ასევე მნიშვნელოვანი პროცესია – მიღებული კანონის საფუძველზე, განათლების სამინისტოში შექმნილი სპეციალური კომისიის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, კვალიფიციური პირების მონაწილეობით, იაკობ გოგებაშვილის გენიალური მეთოდის საფუძველზე, უნდა მომზადდეს და დაიბეჭდოს ნამდვილი “დედა ენა”, რომლითაც განათლების მიღებას შეუდგებიან მოსწავლეები.
ყველას გილოცავთ დედაენის დღეს და ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებულ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლითაც კანონის საფუძველზე დგინდება ვალდებულება “დედა ენის” სკოლებში შესვლის შესახებ. ეს არის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის ინტერესებისა და ჩვენი ფასეულობების სასარგებლოდ”,  -აღნიშნავს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები