“დაიცავი საქართველოს” პლატფორმა დაბადებს ახალ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დააბალანსებს და დაიცავს ქვეყანას”

,,სიმრუდემ რომ არ ჩამოშალოს ეს სახელმწიფო, არ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მახინჯი აზროვნების ადამიანებმა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ამისთვის, ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას”,- ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ფილარმონიაში, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სამართალი ამობრუნებულია და წინააღმდეგობაა საჭირო.
„აქ იკრიბებიან ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა აქვთ ქვეყანაზე, რომელთათვის თავისუფლების მონაპოვარი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სამართლის გამმრუდებლებისგან ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა და თანამებრძოლებმა მემკვიდრეობით მიიღეს ეს გამრუდებული სამართალი. დამოკიდებულება, როდესაც ღიად უჭერ მურუსიძეს მხარს და აცხადებ მსხვერპლად და მართლა მსხვერპლ ადამიანებს ეუბნები, რომ ეს ყველაფერი ყოფილა ლეგიტიმური, რასაც ეს რეჟიმი ამ ადამიანების წინააღმდეგ აკეთებდა, ამას ჰქვია გამრუდება ყოფიერების, ცნობიერების, სამართლის, პრინციპების, ღირსების, მორალის – ყველაფერი გამრუდებულია.
შესაბამისად, ამ სიმრუდემ რომ არ ჩამოშალოს ეს სახელმწიფო, არ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მახინჯი აზროვნების ადამიანებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება, ამისთვის, ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დააბალანსებს და დაიცავს ქვეყანას ამ სიმახინჯისგან. ეს არის შემკვრელი, მაგალითი და საუკეთესო ილუსტრაცია, როდესაც სიმახინჯე შეგიძლია შემოაპარო და შესთავაზო სილამაზედ, მშვენიერებად და თვალთმაქცობა, მექრთამეობა – სიქველედ, ვაჟკაცობად და გამბედაობად. ამ მოცემულობაში ვართ – ყველაფერი თავდაყირა დგება და სხვა რაღაცებიც რომ არ ამოყირავდეს, ამისთვის წინააღმდეგობაა საჭირო”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
კითხვაზე, ამ შეკრებას მესამე პოლიტიკური ძალის დაბადება ხომ არ მოჰყვება, ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ ეს არასწორი სიტყვებია, თუმცა საუბარი პოლიტიკურ მოცემულობაზეა.
“ეს არასწორი ელექტორალური სიტყვებია. მესამე ძალა არა, მაგრამ ეს ძალა, რომელიც დაიბადება, მიცემს ჩვენს მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებას არა ორ სიმახინჯეს შორის, არამედ სხვადასხვა მოცემულობას შორის, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მათი ინტერესების დამცველი. პოლიტიკური მოცემულობა, ბუნებრივია, ნიშნავს პოლიტიკურ ობიექტს, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ აქ უნდა იყოს ძალიან დიდი გაერთიანება. ბუნებრივია, იმ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად, რომელიც ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ვისთვისაც ეს ფასეულობები ღირებულია”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები