ექსპერტები: გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიშია

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებენ, რომ გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია. მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ურუშაძემ და მესხიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„7 აპრილს ვიყავით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ – გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით და რაც იქ ვნახეთ, აჭარბებს ყველანაირ სტანდარტს. ეს არის გზის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მონაკვეთი, რომელიც მე მინახავს. ამ გზით მგზავრობა სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. მოძრაობა პარალიზებულია გუდაურის მიმართულებით. არის რამდენიმეკილომეტრიანი საცობები. გზის სავალი ნაწილი დაკავებულია ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ. იმისთვის, რომ გადავაადგილდეთ, უნდა გადავკვეთოთ ღერძულა ხაზი, გადავიდეთ საპირისპირო მიმართულებით და ასე გავაგრძელოთ გზა, რაც ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ძალიან დიდ რისკებს.
შემიძლია, გითხრათ, რომ გუდაურში დასვენება გვიჯდება სიცოცხლის რისკის ფასად იმიტომ, რომ იქ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. იქ, სადაც შესაძლებელია, სადაც ჯერ კიდევ არის საგზაო მოძრაობა, გადაადგილება არის დაკავშირებული ძალიან მაღალ რისკებთან. ვნახეთ, რომ საპატრულო პოლიცია მოძრაობის დარეგულირებას ცდილობს , მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს ყველაფერს. ამ პრობლემით შეწუხებულები არიან არა მარტო ტურისტები, არამედ – ყაზბეგის მოსახლეობაც“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში გაუარესებულია ეკოლოგიური მდგომარეობაც .
„გუდაურში დასვენება რატომ არის კარგი – იმიტომ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა არის კარგი, სუფთა ჰაერია. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ასე აღარ არის. გარდა იმისა, რომ საშიშია ამ გზით მგზავრობა, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი დაკვირვებით, ტექნიკურად გაუმართავია. ეს ვიზუალურადაც ჩანს და, ძირითადად, გამონაბოლქვს უკავშირდება. მთელი ეს ტურისტული ზონა დაუცველია. მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზები დაზიანებულია. გვირაბებში გზის საფარი დაზიანებულია, სადრენაჟო სისტემები მწყობრიდანაა გამოსული“, – განაცხადა მესხიშვილმა.
დავით მესხიშვილი და ვასო ურუშაძე მთავრობას მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინოს.
„არცერთი ოდნავ თავმოყვარე სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა; მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პრიორიტეტად გვაქვს ტურიზმის განვითარება.
ჩემი აზრით, მთავრობისთვის ეს პრობლემები ცნობილია და სამარცხვინოა, რომ ისინი არ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, არ ფიქრობენ მდგომარეობის გამოსწორებაზე. გზის სავალ ნაწილზე არ უნდა იდგეს არცერთი ავტოსატრანსოპრტო საშუალება, არ უნდა იყოს მოძრაობა პარალიზებული; საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. მივმართავთ საქართველოს მთავრობას – დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება“, – განაცხადა მესხიშვილმა.
ვასო ურუშაძის განცხადებით, პრემიერ მამუკა ბახტაძის პოლიტიკამ გზების სავალი ნაწილი პარკირების ადგილად აქცია.
„პირველ ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტებს. გვახსოვს, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი – მამუკა ბახტაძე როცა დაინიშნა პრემიერად, მისი მთავარი მესიჯი, დაპირება იყო, რომ საქართველო ირჩევს მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას. სიტყვები ძალიან ლამაზად ჟღერდა, თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი საპირისპიროდაა . მან საქართველოს რკინიგზაში დაამკვიდრა პრაქტიკა, რითაც, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს რკინიგზა ყოველდღიურად კარგავს ტვირთებს. რკინიგზის მენეჯმენტში მაქსიმალურად ქმნიან ბარიერებს სარკინიგზო გადაზიდვებში, აფუძნებენ სატვირთო- საავტომობილო გადაზიდვების კომპანიებს. ეს არის მამუკა ბახტაძის მწვანე ეკონომიკის პოლიტიკა დღეს. ამან გამოიღო ის შედეგი, რომ, მთელს საავტომობილო გზებზე – იქნება ეს ლარსი, გუდაური – ყაზბეგის მიმართულებით, იქნება ეს რიკოთის უღელტეხილი – თავიდან ბოლომდე მოძრაობები არის პარალიზებული. გზის სავალი ნაწილი მამუკა ბახტაძის პოლიტიკამ აქცია პარკირების ადგილად . იქ გადაადგილება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. როცა რკინიგზა უნდა ვითარდებოდეს და მისი ტვირთბრუნვა ყოველწლიურად იზრდებოდეს, ის არის იმ ეტაპამდე, რომ შეიძლება, ხვალ ან ზეგ გაკოტრდეს“, – განაცხადა ურუშაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები