იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისათვის, იტალიის მთავრობამ 2 მილიონი ევრო გამოყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იტალიელმა ექსპერტებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, წერეთლის გამზირზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით.
აღსანიშნია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, იგეგმება 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება.
ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართული მხარისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები