„მოლაპარაკებებით ვეცდებით, ფონიჭალის მოსახლეობასთან თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ“
“თბილისი-რუსთავის გზა მრავალწლიანი პროექტია, რომელიც გულისხმობს მისი სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არამხოლოდ – ერთ მონაკვეთს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფონიჭალის მოსახლეობას თბილისი-რუსთავის გზის მხოლოდ ერთ მონაკვეთთან აქვთ პრობლემები.
„მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი. პირველ ყოვლისა, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, უფრო ახლოს არის არსებულ გზასთან, ვიდრე ის იქნება ახალ გზასთან; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც აპროტესტებენ. ჩვენ ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა მოსახლეობასთან. ვცდილობთ, მოსახლეობას განვუმარტოთ დეტალები, რომლებიც მათ უნდა იცოდნენ. განსახლების პროცესს არ ექვემდებარება ეს გზა, ამიტომ, აქაც მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის პროცესში ვეცდებით, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. თბილისი-რუსთავის გზა მთლიანად არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მისი სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არამხოლოდ – ერთ მონაკვეთს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.