ზუგდიდში პოლიციაში გამოკითხვაზე მყოფმა “ენმ-ის” წევრებმა განყოფილება დატოვეს

გამოკითხვაზე მყოფმა გიორგი პატარაიამ და მანუჩარ ჩხეტიამ პოლიციის განყოფილება დატოვეს. მათი თქმით, ისინი არ დაუკავებიათ.

“ჩვენ არ დავუკავებივართ, გამოკითხვაზე ვიყავით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ებრძვის იმ კანდიდატს, რომელიც იგებს ზუგდიდში. პოლიტიკურ ღონისძიებაზე მივდიოდით და თვალთვალს ახორციელებდნენ. საბუთები მოვთხოვეთ, მათ არ გვაჩვენეს და გამოვიძახეთ პოლიცია. არანაირი შეურაცხყოფა ყოფილა”, – ამბობს გიორგი პატარაია.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ხელწერილის საფუძველზე დატოვეს განყოფილება. ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ანა წითლიძე, ამ დრომდე, სამმართველოში რჩება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ დააკავა.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა,”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები