“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ორგანიზატორები ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ

კოალიციის „განათლება ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე და კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ. მათ მოსწავლეებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და ძირითადი სიახლეები გააცნეს.

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” პოპულარიზაციისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასეთი ტიპის შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, 17 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. შეხვედრებს უძღვებოდნენ როგორც “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დამფუძნებლები, ასევე – 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლები. მათ კამპანიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას კონკურსში მონაწილეობის წესები გააცნეს, გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

კონკურსში აპლიკაციების მიღება ვებგვერდზე www.tprize.ge 20 აპრილს სრულდება. ამის შემდეგ კი კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.

“კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი,5 ოქტომბერს, “მასწავლებლის საერთაშორისო დღეს”, ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. წელს კონკურსი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას”, – აცხადებენ  კოალიციაში  „განათლება ყველასათვის“.

ცნობისთვის, კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, “ლიბერთი ბანკი”, ტელეკომპანია “იმედი”, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 4 მედია.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები