დავა შეწყდა – ანა ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა

„ხუთი სხდომა დასჭირდა სასამართლოს, რომ გადაეწყვიტა, თურმე, ეს საქმე სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის“, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც “საქართველოს სამეფო ოჯახის” სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, შეწყდა.

ადვოკატ ლევან გორელაშვილის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

მისივე თქმით, სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი იმ ეტაპზე თქვა, როცა უკვე პირთა გამოკითხვა მიმდინარეობდა.

„ხუთი სხდომა დასჭირდა სასამართლოს, რომ გადაეწყვიტა, თურმე, ეს საქმე სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის. აქამდე მსგავს პრეცედენტს ვერ ვიხსენებ, რომ ამდენი სხდომა ჩატარებულიყო და მთავარ სხდომაზე მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ, თურმე, საქმე საერთოდ განუხილველად უნდა დაეტოვებინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი მხარისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს აზრები გაიყო. პირველ შემთხვევაში, იმავე მოსამართლემ ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მხარე მართალი იყო“, – აცხადებს გორელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩემთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან უცნაურია. საერთოდ, რატომ დაკმაყოფილდა კოლეგიური შემადგენლობა? იმის გამო დაკმაყოფილდა, რომ მიიჩნიეს, ეს საქმე მნიშვნელოვანი სირთულისა იყო. გიორგი ოთხმეზური გამოვკითხეთ და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მერე გადაწყვიტა სასამართლომ, რომ, თურმე, არც უნდა გამოეკითხა, არც უნდა განეხილა ეს საქმე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი მიუხედავად იმისა, თუკი სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ეს იქნებოდა საკითხის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაბედა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა. განჩინება, რომელიც გამოგვიცხადეს, გასაჩივრებას ექვემდებარება და ვეცდებით, ზემდგომი ინსტანცია დავარწმუნოთ, რომ ეს საკითხი სასამართლოს განსახილველია”, – განაცხადა გორელაშვილმა.

შეგახსენებთ, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც “საქართველოს სამეფო ოჯახის” სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები