ეკვადორის პრეზიდენტი, ლენინ მორენო “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ხსნის, თუ რატომ უთხრა უარი ასანჟს თავშესაფარზე.
მორენოს თქმით, WikiLeaks-ის დამაარსებელმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კონვენციები.
“ასანჟის უპატივცემულო და აგრესიული ქცევა, უარყოფითი განწყობა და მუქარისმომცველი განცხადებები თავისი მეგობარი ორგანიზაციებიდან ეკვადორის მიმართ და, განსაკუთრებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევამ გამოიწვია. ახლა ასანჟისთვის თავშესაფრის მიცემა სრულიად მიუღებელი და შეუძლებელია”, – განაცხადა მორენომ.
2010 წელს შვედეთში ასანჟი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. როდესაც ის ლონდონში იმყოფებოდა, საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 2011 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ასანჟის შვედეთში ექსტრადირების შესახებ, რომელიც მან გაასაჩივრა. 2017 წელს შვედეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება ასანჟის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ასანჟს ბრალდებები წარუდგინა, მაგრამ ისინი გრიფით საიდუმლოა. ამერიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, მას შპიონაჟისთვის პატიმრობის მრავალი წელი ელის. თავად ასანჟს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკაში ის შესაძლოა, მოკლან.