ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე: შესაძლოა, “კლანს” გვენეტაძეზე კომპრომატი აქვს და აშანტაჟებენ

“შესაძლოა, სასამართლოში არსებული “კლანის” მხრიდან არსებობს რაღაც კომპრომატი, რომლითაც ნინო გვენეტაძეს აშანტაჟებენ”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწემ, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ – კახა წიქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნებოდეს, ის, რომ ნინო გვენეტაძე საჯარო სივრცეში აღარ ჩანს.

„ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემის მსხვერპლი ორჯერ იყო. პირველად 2005-2006 წლებში, როცა ის ლევან მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებით გააძევეს სასამართლოდან. მეორედ ის მსხვერპლი 2018 წელს გახდა, როცა იძულებული იყო, წასულიყო. მას აქვს გარკვეული მორალური სტანდარტი, პრინციპები. მისთვის შესაძლებელი იყო კლანთან რაღაც ფორმით თანამშრომლობა, მაგრამ ამ თანამშრომლობას თავისი ხარისხი ჰქონდა. როცა ხარისხი რაღაც პიკამდე მივიდა და ის “კლანის” მსახური უნდა გამხდარიყო, ეს გვენეტაძის პერსონასთან შუსაბამო იყო, ვერ გახდებოდა კლანის მსახური, ამიტომ სისტემიდან წასვლა არჩია. მაგრამ რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში და როგორ ითანამშრომლა ამ “კლანთან”, ეს მე დეტალურად არ ვიცი. შესაძლოა, მას ერიდება ამ თემაზე საუბარი. შესაძლოა, არსებობს რაღაც კომპრომატიც მის წინააღმდეგ და თუ გვენეტაძემ დაიწყო საუბარი, მოხდეს ამ კომპრომატის ამოქმედება. ამას არ გამოვრიცხავ. თუ გვენეტაძე გადაწყვეტს, რომ ისაუბროს, დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი გვერდით დაუდგება და მორალურად მხარს დაუჭერს. ჩვენ, ამჟამად, კომუნიკაცია არ გვაქვს, უფრო სწორად, თავად არ პასუხობს ჩემს შეტყობინებებს.
იძულებული ვარ, ასე ვიფიქრო, რომ სასამართლოში არსებული “კლანის” მხრიდან არსებობს რაღაც კომპრომატი, რომლითაც, შესაძლოა, ნინო გვენეტაძეს აშანტაჟებენ“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები