გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსის მძღოლების დაკავებაზე შსს-ში არ ადასტურებენ. ინფორმაცია მძღოლების დაკავებაზე, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ზაურაშვილმა გაავრცელა.
“გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩვენ ბატონ მერთან კალაძესთან. გარკვეულ შეთანხმებამდე მივედით, მაგრამ რატომ ხდება ეს ყველაფერი, ვერ ვხვდებით. მოგიწოდებთ ყველა მძღოლს, ყველა ტაქსისტს, შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ და ერთ მუშტად დავდგეთ“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა.
როგორც “კვირას” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროში განუმარტეს, ორი პირი პოლიციაში სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოიკითხა, თუმცა, მათ უკვე დატოვეს განყოფილება. მათივე ინფორმაციით, სხვა ორმა პირმაც ნარკოლოგიური სამსახურის შენობა უკვე დატოვა.
“ორი პირი გადაყვანილი იყო პოლიციაში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება. ორი პირის მიმართ კი დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ისინი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და უკვე დატოვეს ნარკოლოგიური სამსახურის შენობა”, – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. ტაქსისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან თბილისის მერია ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების გადავადებას არ გეგმავს.