თბილისში ცხენისა და ვირის ტანხორცის რეალიზებას ახდენდნენ – დაკავებულია ორი პირი (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ „ბოინში“, სადაც, ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება – დამუშავებასა და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებსა და კვების სხვადასხვა ობიექტზე საქონლის ხორცის სახით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე, რამდენიმე ობიექტზე, ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენისა და ვირის დნმ-ს. ასევე ე.წ. „ბოინში“ აღმოჩენილი იქნა ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები