„მთელი საქართველო ზეგანაკვეთური რეჟიმით მუშაობს, გვჭირდება დრო დასვენებისთვის, ოჯახებისთვის“- „სოლიდარობის ქსელი“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„სოლიდარობის ქსელი” „შრომის კოდექსში” ცვლილების შეტანის მოთხოვნით პეტიციას ქმნის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ „„სოლიდარობის ქსელის” წარმომდგენლებმა – ნენო ჩარკვიანმა და რევაზ კარანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათივე თქმით, ამ პეტიციით ხელისუფლებას აჩვენებენ, თუ რამდენად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, რომ დასაქმებულებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიური რეჟიმით უწევთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ სიჩუმესა და მორჩილებას აქვს მიზეზი და ეს სამუშაო დრო და მძიმე სამუშაო პირობებია. ადამიანებს დრო არათუ ბრძოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვისაც არ რჩებათ. ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვიბრძვით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დასაქმებულები და შემდეგ მათთან ერთად შევქმნათ უკეთესი სოციალური წესრიგი.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მიღებული შრომის კოდექსი წინაზე გაუმჯობესებულია, ის მაინც ვერ იცავს დასაქმებულს სამუშაო ადგილზე არსებული მძიმე პირობებისგან. ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას.
ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ რეალურ ცვლილებებს:
ჩვენ ვითხოვთ 40-საათიან სამუშაო კვირას ყველასთვის, რათა პროტესტის გამოხატვა უმუშევრებისა და დაწინაურებული დასაქმებულების გარდა სხვებსაც შეეძლოთ;
ჩვენ ვითხოვთ სამუშაო კვირაში, მინიმუმ, ერთი დღის დასვენებად გამოცხადებას, რადგან აღარ შეიძლება, კვირა დღეს ადამიანები სამუშაო ადგილზე შავდებოდნენ, ან იღუპებოდნენ.
ჩვენ ვითხოვთ, შრომის ინსპექციას ახლავე მიენიჭოს შრომის უფლებების შემოწმების მანდატი და, 1-ელი სექტემბრის ნაცვლად, ხვალიდანვე შეძლოს დაუგეგმავი ინსპექტირების გახორციელება, რადგან აღარ გვყავს დასაკარგი ხალხი;
ჩვენ ვითხოვთ, განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალური ზღვარი, რადგან მთელი საქართველო ზეგანაკვეთური რეჟიმით მუშაობს და ჩვენ გვჭირდება დრო დასვენებისთვის, ფიქრისთვის, ოჯახებისა და უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლისთვის;
ჩვენ ვითხოვთ, რომ ღამე გვეძინოს და ვისვენებდეთ – არა ვმუშაობდეთ! ჩვენ ვითხოვთ ღამის ცვლის დასაქმებულთათვის შესაბამის ანაზღაურებასა და რეგულაციებს.
აღნიშნული მოთხოვნები პარლამენტში კანონპროექტის სახით შედის. ჩვენ ვიწყებთ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებასა და გაერთიანებული ძალებით ბრძოლას”, – აცხადებენ სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები.

„სოლიდარობის ქსელი“ დამოუკიდებელ პროფკავშირს წარმოადგენს, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები