იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ზვიად შალამბერიძემ და ბესიკ გოფოძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, სამუშაოები გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედისა და თერჯოლა–ახალთერჯოლა–ჩხარის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. ჯამურად, ორივე პროექტის ფარგლებში, 11-კილომეტრიანი გზის მშენებლობა გახორციელდება.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ბარდუბანში, მდინარე როკიანას ადიდების შედეგად, უბანთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა და მოსახლეობისთვის დროებით მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. ამჟამად კი, კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს და მალე სოფელი ახალი ხიდით ისარგებლებს. გარდა ამისა, სოფელ საზანოში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის დასრულების შემდეგ, 900 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.
თერჯოლაში, სოფელ გოგნში, 30 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 244 084 ლარს შეადგენს.