ბიძინა ივანიშვილი: ბექა ნაცვლიშვილს, გია ჟორჟოლიანს და მირიან წიკლაურს წარმატებებს ვუსურვებ
„პირველი, ბექა ნაცვლიშვილი გავიდა და დავულოცე მას გზა, ძალიან გამიხარდება, რომ მან წარმატებას მიაღწიოს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრის ბექა ნაცვლიშვილის მიმართ განაცხადა, რომელმაც მმართველი გუნდი დატოვა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გუნდის იმ წევრების შესახებაც ისაუბრა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
„პირველი, ბექა ნაცვლიშვილი გავიდა და მოვახერხე, რომ ის უმრავლესობასთან ერთად გამოცხადდა. მას გზა დავულოცე და ძალიან გამიხარდება, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. ამის შემდეგ პარტიის რიგები დატოვა გია ჟორჟოლიანმა, მას მიჰყვა მირიან წიკლაური, რომელიც ჩემთვის არის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, ეს ის ადამიანია, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და მან დიდი თხოვნის შემდგომ მიატოვა სამსახური, აწყობილი საქმე და პოლიტიკაში დაბრუნდა. სწორედ, რომ ეს გავს იმ კლასიკურ შემთხვევას, როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, როგორ უნდა გადიოდნენ და ტოვებდნენ საკუთარ გუნდს, რასაც ეცადნენ და ეცადნენ გულწრფელად. მათ საპენსიო რეფორმაზე თავიანთი ვარიანტი წარმოადგინეს , გუნდში ვერ მიიღეს მხარდაჭერა და მათ მოახერხეს რამოდენიმეჯერ გაეფრთხილებინათ გუნდი. შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც მათ ასევე ჰქონდათ განსხვავებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ გუნდს, გუნდში მოხდა შეჯერება, გააფრთხილეს გუნდი რამოდენიმეჯერ, საჯაროდაც გამოვიდნენ და გავიდნენ პარტიიდან“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.