ლუკაშენკო პოროშენკოს მოუწოდებს, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა სააკაშვილივით სახურავზე ასვლა არ დასჭირდეს
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას პეტრო პოროშენკო მოიპოვებს. ამასთანავე, ის პოროშენკოს მოუწოდებს, ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა მიხეილ სააკაშვილის მსგავსად სახურავზე ასვლა არ დასჭირდეს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
“ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ როგორ დასრულდება მეორე ტური. მე კი მაინც მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში პოროშენკო გაიმარჯვებს”, – აცხადებს ლუკაშენკო.
მან, ასევე, გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
“როდესაც სააკაშვილი არჩევნებს ატარებდა, კონსტიტუცია შეცვალა და საზოგადოებასთან ხუმრობა დაიწყო. ამან იქამდე მიიყვანა, რომ მას საქართველოს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. იმისთვის, რომ პოროშენკოს არ დასჭირდეს სახურავზე აძრომა და მოწოდება უკრაინელებისთვის მის დასაცავად, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს”, – განმარტა ლუკაშენკომ.