“ვარძიის წინ უკანონო მშენებლობას ასპინძის ადგილობრივი ხელისუფლება ეწინააღმდეგება”

იუნესკო-ს კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ქართულმა მხარემ რამდენიმე წელი მოანდომა და ახლა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, შესაძლოა, საბოლოოდ აღმოჩნდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, სოსო ორჯონიკიძემ განაცხადა, რომ ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს გაკეთებას გეგმავს. სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება: „ეს არის, შეიძლება, მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა სასტუმრო. ხალხმა, პრაქტიკულად, სასტუმროში ისე უნდა იცხოვროს, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ვარძიაში, უფრო კომფორტულ პირობებში, მაგრამ ცხოვრების წესი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი“, – ამბობს სოსო ორჯონიკიძე.
როგორც „საყდრისის კომიტეტში“ აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობას ბიზნესმენი ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აწარმოებს, ეს კი კანონით დაუშვებელია: „მთავარი პრობლემა აქ არ მთავრდება. საქმე ის გახლავთ, რომ მშენებლობა სოსო ორჯონიკიძემ ამ ზონაში უკვე დაიწყო, ის უკანონო მშენებლობას აწარმოებს და, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება მას ვერ აჩერებს. ძეგლის მოპირდაპირედ სხვა ბიზნესმენებსაც აქვთ მიწა ნაყიდი. თუკი ეს სასტუმრო აშენდება, მაშინ აქ უკანონო მშენებლობების ბუმი დაიწყება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, რაკიღა ერთი ორჯონიკიძის გაჩერება ჭირს“, – ამბობს კომიტეტის ერთ-ერთი აქტივისტი, ნინო ბურჭულაძე.
ასპინძის ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს მშენებლობის უკანონობას და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს არანაირი ნებართვა გაუცია. თუმცა, იქვე ვერ ხსნის, რა უშლის ხელს, რატომ არ ხდება უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, მიწის ნაკვეთის მეპატრონის დაჯარიმება, ან სხვა რაიმე მკაცრი ზომების მიღება. „საყდრისის კომიტეტი“ პირობას დებს, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უკანონო მშენებლობის დემონტაჟს საზოგადოებასთან ერთად გაახორციელებს, თუკი ხელისუფლება მხოლოდ მისი შეჩერებით დაკმაყოფილდება, „დღეს გასაგებია, რომ მშენებლობა შეჩერდა, თუმცა, არანაირი გარანტიები საიმისოდ, რომ მომავალში ეს დიდი რესურსების მქონე პირი მშენებლობას კვლავაც არ განაახლებს, არ არსებობს. ჯერ უნდა დაიდოს გენგეგმა და განაშენიანებაზე მერე უნდა ვილაპარაკოთ“, – ამბობს ნინო ბურჭულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები