ადვოკატი: მთელი ეს ცირკი ემსახურება ერთ რამეს, რომ ანა ბაგრატიონმა დავით ბაგრატიონს 90 000 ლარი წადღლიზოს
“მთელი ეს ცირკი, შაპიტო, ემსახურება ერთ რამეს, რომ ანა ბაგრატიონმა დავით ბაგრატიონს 90 000 ლარი წადღლიზოს”, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ბაგრატიონების თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას.
„მოგესხენებათ, მათი დავის მეორე ეპიზოდი ეხება თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას, კერძოდ, ჩემმა მარწმუნებელმა 2014 -2015 წლებში შეიძინა 2 ავტომობილი. ქალბატონი ანა აცხადებს, რომ ამ ავტომობილებზე, როგორც თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე, აქვს საკუთრების უფლება. ისინი იურიდიულად 2016 წელს გაიყარნენ. დავა მიდის 90 000 ლართან დაკავშირებით. ქალბატონი ანა ამბობს, რომ თანაცხოვრების დროს შეძნილი ქონებაა. ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ ამ დროს თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. მოწინააღმდეგე მხარე კარგავს 90 000 ლარს. ეს ცუდი დასაკარგია. ამიტომ, წამოწიეს ძალადობის ელემენტი. თუ ისინი დაადასტურბენ, რომ ქალბატონი ანა ცხოვრებოდა ბატონ დავითთან, როგორც მეუღლე 2014-2015 წლებში , ე.ი ქონება ექვემდებარება გაყოფას. მთელი ეს ცირკი, შაპიტო, ემსახურება ერთ რამეს, რომ ქალბატონმა ანამ წადღლიზოს ბატონ დავითს 90 000 ლარი“, – განაცხადა ადვოკატმა.
ლევან ჩხეიძემ ანა ბაგრატიონის ადვოკატის, ლევან გორელაშვილის დღევანდელ განცხადებებსაც უპასუხა. გორელაშვილის თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ძალადობის დღეს, 2014 წლის 9 მაისს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში დავით ბაგრატიონთან ერთად იმყოფებოდა, ამას სატელეფონო ამონაწერები ადასტურებს.
„ ჩემი მარწმუნებლის სახელზე არსებული ტელეფონი არის ქალბატონ ანას სახელზე გაფორმებული. დღიდან საქართველოში დაბრუნებისა, ქალბატონმა ანამ შეიძინა ორი ნომერი – ერთი მისცა ჩემს მარწმუნებელს, ერთი დაიტოვა თავისთვის. შესაბამისად, ბატონი დავითის ნომერს თუ მოიძიებთ, ნებისმიერი ანძა გეტყვით, რომ ქალბატონი ანა იმყოფებოდა საგურამოში. ჩემს მარწმუნებელს ველაპარაკე, მან კვლავ გამორიცხა თავის მონაწილეობა ძალადობის აქტში. ის კვლავ გამორიცხვას იმას, რომ ქალბატონი ანა იმყოფებოდა მის სახლში. საგურამოს დაფარვის ანძა არ ემსახურება მხოლოდ ბატონი დავითის სახლს, ის ემსახურება საკმაოდ მოცულობით ტერიტორიას. ის, რომ ქალბატონი ანა იმყოფებოდა მოცემული ანძის დაფარვის ზონაში, სულაც არ ნიშნავს, რომ ის იმყოფებოდა ბატონი დავითის სახლში. 2012 წლიდან მხარეები არ იმყოფებიან ქორწინებაში, ერთად აღარ ცხოვრობდნენ.
მოწინააღმდეგე მხარემ თავად დაადასტურა, რომ ჩემი მარწმუნებლის დედა ხანდაზმული ქალბატონია, ჯანმრთლობას უჩივის. ის, რომ ამ ადრე ჩემი მარწმუნებელი არ ჩასულა დედის სანახავად, ესეც ტყუილია. იგი არაერთხელ ჩავიდა დედის სანახავად. ის, რომ ბილეთი ადრე იყო შეძენილი, ესეც სიცრუეა. ამის თვითმხილველი მე ვარ, ღამე ერთად წავედით აეროპორტში და ჩემი თანდასწრებით შეიძინა ბილეთი“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.
თამუნა შეყილაძე