მიმდინარე და განხორციელებული მასშტაბური პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტში – ინტერვიუ გიორგი კაპანაძესთან

რა მასშტაბური პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში, რა ღონისძიებებს ატარებს ადგილობრივი ხელისუფლება მისი განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ვრცელ ინტერვიუში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე საუბრობს.

– ბატონო გიორგი, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების შესახებ რომ გვესაუბროთ. რა პრობლემები აქვს მოსახლეობას და როგორ ხდება პრიორიტეტების დალაგება?
– მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც შეძლო, პროგრამა ყოფილიყო მეტად ეფექტური და მიზნობრივი. ვგულისხმობ იმას, რომ საბიუჯეტო თანხების გადანაწილება ამ მიმართულებით საჭიროებისამებრ უფრო მეტ მოქალაქეზე მოხდა. საკმაოდ კარგი და მრავალფეროვანი პროგრამებია შემუშავებული სოციალურად შეჭირვებული ხალხის დასახმარებლად. ეს არის სამედიცინო მომსახურების თანხების ანაზღაურება, ერთჯერადი ფულადი დახმარება, აუტისტური სპექტრის ბავშვებისათვის პროგრამის თანადაფინანსება, განსაკუთრებულ შემთხვევაში – საცხოვრებელი ბინების დროებით გამოყოფა. სამწუხაროდ, გვქონდა ხანძრის სამი შემთხვევა, რომლის დროსაც დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველადი დახმარება გავუწიეთ და ავანაზღაურეთ მათ სასარგებლოდ საქირავნო გარიგება. პარალელურად, გამოვყავით ბიუჯეტიდან თანხები, რათა აღედგინათ ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლები და მინიმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნათ.

საცხოვრებელი კორპუსები დევნილი ოჯახებისთვის

სოციალური პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული პრიორიტეტული ჯგუფებია: სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ვეტერანები და მარტოხელები. ასევე, საჭიროებისამებრ, ვეხმარებით მოქალაქეებს სამშენებლო მასალითა და შეშით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ყოველდღიურად გადიან რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის. სასადილოს,  ყოველდღიურად, 40 ბენეფიციარი სტუმრობს. ვიმედოვნებ, სამომავლოდ, მოგვეცემა საბიუჯეტო რესურსის გაფართოების საშუალება, რომელიც ცალსახად აისახება სოციალურ პროგრამებზე.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას – აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მუნიციპალიტეტში. ჩვენ რამდენიმე მიმართულებაზე გვაქვს გაკეთებული აქცენტი, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. აქტიურად გვიდგას გვერდში სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მათი ინიციატივით, შემუშავებულია პროგრამა “დანერგე მომავალი”, რომლის ფარგლებშიც ხალხს საშუალება ეძლევა, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება გახორციელდეს. დაახლოებით, 1500-დან 5000 კვ. მეტრამდე მიწის ფართობისთვის სრულად ფინანსდება ნერგების, სარწყავი და შემოსაღობი მასალის შესაძენად თანხა. ვფიქრობ, ეს ძალიან წარმატებული პროექტია. მოქალაქეებისათვის, ვინც მონაწილეობას ღებულობს პროექტის გახორციელებაში, თვიური შემოსავალი, დაახლოებით, 500-700 ლარია გათვალისწინებული. ეს ფუფუნება არ არის, თუმცა, საცხოვრებლად და ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია.
– სოციალურად დაუცველი ოჯახები ახსენეთ ბ-ნო გიორგი, რა პროექტები და ღონისძიებები ხორციელდება მათ მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტში?
– სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გვაქვს ერთჯერადი დახმარებები. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, დღესასწაულებზე სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადავცეთ მათ. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, მოგეხსენებათ, ასეთი მოქალაქეები შეღავათით სარგებლობენ, გადაუდებელი ოპერაციების დროს მუნიციპალიტეტის მერია დარჩენილ თანხას სრულად უფინანსებს. სამედიცინო მომსახურება ჩვენგან, ფაქტობრივად, უფასოდ აქვთ.

-დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
– სულ მალე, მცხეთის ერთ-ერთ უბანში დასრულდება ორი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლებიც გათვალსიწინებულია აფხაზეთიდან დევნილი 120 ოჯახისთვის. უახლოეს პერიოდში, მათ გადაეცემათ ბინები აღნიშნულ კორპუსებში.

-საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, მცხეთის რაიონში რა ვითარებაა, ამ კუთხით?
– საზოგადოებრივ ცენტრებს რაც შეეხება, სოფელ მუხრანში გაიხსნა კიდევ ერთი საკმაოდ დიდი ასეთი ცენტრი. მუხრანი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, საქართველოს მასშტაბით, ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად საჭირო იყო იქ საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა. სხვადასხვა მომსახურების მიღება შეეძლებათ შემდეგ სოფლებს: წილკანი, ძალისი, ერედა, ვაზიანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი, ციხისძირი, ქსანი. ადგილზე მისულ მოსახლეობას 200-ზე მეტი სერვისით სარებლობა შეეძლებათ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ასევე, ხელმისაწვდომია საბანკო მომსახურებები.
– სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და სკოლების მშენებლობა იქნება თუ არა მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი?
– 2019 წლამდე სკოლები ჩვენი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ იყო გადმოცემული. ფაქტობრივად, დღესაც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მიუხედავად ამისა, აქტიურად დავიწყეთ ზრუნვა სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პირველ ეტაპზე, გარკვეული თანხა უკვე გამოიყო იმ სკოლებისთვის, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. ეს გახლავთ: მცხეთის #1 საჯარო სკოლა, ლისის საჯარო სკოლა, ნავაზის საჯარო სკოლა და ვაზიანის საჯარო სკოლა. ასევე, სველი წერტილები მოწესრიგდება და გაიმართება ჩარდახის, გალავნის, საგურამოს, ახალდაბის და ძველი ქანდის საჯარო სკოლებში. პატარა ქანდაში კერძო ინვესტიციით კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. ვფიქრობ, სულ მალე რეაბილიტირებული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველანაირად გამართული სკოლები ექნებათ ჩვენს მოსწავლეებს. მინდა, აღვნიშნო, რომ განათლება მუნიციპალიტეტისთის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ბავშვებს სწავლისთვის სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ.
– საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ პრობლემად რჩება გაზიფიცირების საკითხი. ამ კუთხით, რა ვითარებაა მცხეთის მუნიციპალიტეტში?
– საბედნიეროდ, მუნიციპალიტეტში შემავალი რამოდენიმე სოფელია დარჩენილი გაზიფიცირების გარეშე, ამ სოფლებშიც უკვე დაგეგმილია გაზის შეყვანა. შარშან ლელუბანი გაზიფიცირდა. ვადები დამოკიდებულია კერძო კომპანია „სოკარზე“. ჩვენ მთლიანად ვერ ვერევით ამ საკითხში, მაგრამ მოლაპარაკებების შედეგად ცხვარიჭამიასა და ფრეზეთში, უახლოეს მომავალში, მოხდება გაზიფიცირება. ვფიქრობ, 2020 წლისთვის საბოლოოდ დასრულდება ეს პროცესები.

– წყალმომარაგების საკითხზე რის თქმა შეგიძლიათ?
– რაც შეეხება წყალმომარაგებას – ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ საკითხზე, რომ რეგიონს ჰქონდეს წყალი. ვაკეთებთ ჭაბურღილებს, მაგრამ ეს ჭაბურღილები, ფაქტობრივად, არ არის საკმარისი მოსახლეობისთვის. ზოგ ადგილას შრება, ზოგან წყლის დებეტი იკლებს და საჭირო ხდება ახლის გაკეთება, რაშიც საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. თუმცა, მაქვს შემუშავებული გეგმა. ფაქტობრივად, მივაგენით ადგილს, სადაც წყლის მარაგი და დებეტი არის განუსაზღვრელი. ამჟამად, ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, დაახლოებით, 3-4 წელიწადში მცხეთის რაიონის მასშტაბით, წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გადაჭრილი.
– რა იგეგმება ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად რაიონში და რა სიახლეებია ამ მიმართულებით?
– მოგეხსენებათ, მცხეთა არის ისტორიული ქალაქი, სადაც არის უამრავი სიწმინდე, რომელთა მონახულებაც არ შეიძლება არც ერთ და არც ორ დღეში, მით უმეტეს, რამდენიმე საათში. ამიტომ, ვცდილობთ, ყველა პირობა შევუქმნათ ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმარს, რომ არა რამდენიმე საათით, არამედ ხანგრძლივი ვადით დარჩნენ ქალაქში. ამასთან დაკავშირებით ქალაქში არსებობს ერთი პრობლემა, მცხეთაში გამოცხადებულია მოროტორიუმი. ეს რეჟიმი მოიცავს მთლიანად მცხეთას და მერწმუნეთ, მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქედან, რომ ტურისტებისა და ვიზიტორთა ნაკადი ყოველდღიურად მატულობს, მცხეთაში არ არის საკმარისი სასტუმროები, ე.წ. გესთჰაუსები, კაფე-ბარები. შესაბამისად, ხალხი ითხოვს საკუთარი მცირე ბიზნესის გაფართოებას თავისივე ეზოებში, მაგრამ ჩვენ ვერ ვაძლევთ ამის უფლებას არსებული მორატორიუმიდან გამომდინარე. არსებული ვითარება ხელს უშლის ტურიზმის განვითარებასა და, ასევე, ეკონომიკურ ზრდას.
რამდენიმე დღის წინ, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი შეხვდა მოსახლეობას. მან თავად წარადგინა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს მცხეთის განაშენიანების გეგმა. ეს არის ამხანაგობა „აქოლისი“, რომელიც 8 სუბიექტისგან შედგება და მას აკაკი ზერეკიძე ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული იყო, რაც, საბოლოოდ, სასიკეთოდ აისახება მცხეთის გენგეგმაზე.
ამასთან, ჩემი მერობის პერიოდში, მცხეთაში შეიქმნა ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე.

-მოსახლეობასთან შეხვედრები ახსენეთ გენგეგმასთან დაკავშირებით. ძირითადად, რა პრობლემები იყო მათი მხრიდან წამოჭრილი.
– ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრისას, მოსახლეობამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ქალაქი და თითოეული მათგანი, მორატორიუმის რეჟიმიდან გამომდინარე. მაგალითად, გვაქვს ასეთი ტერიტორია „ფიქრის გორა“, სადაც ხალხს კეთილსინდისიერად აქვს შეძენილი ტერიტორიები. ისინი იხდიან მიწის გადასახადს, თუმცა, ჩვენ მათ სარგებლობის უფლებას ვერ ვაძლევთ, რადგან ჯერჯერობით დაუდგენელია ამ მიწის სტატუსი. შესაბამისად, როდესაც დამტკიცდება გენგეგმა ნათელი იქნება, თუ რის საშუალება და უფლება მიეცემათ ხსენებული ტერიტორიების მფლობელებს.

– მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომ გვესაუბროთ.
– რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს – გასულ წელს 50-ზე მეტი პროექტის გახორციელება შევძელით. მე ხალხს დავპირდი, რომ სამომავლოდ გახორციელდება გაცილებით მეტი პროექტი, რისთვისაც მინდა მათი ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, დაახლოებით, 200 დაგეგმილ და გასახორციელებელ პროექტამდე. ავდივართ მცხეთის რაიონის მასშტაბით, სოფლებში შიდასაუბნო გზების მოწყობა, ჭაბურღილების დამატება იგეგმება, რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლებს, სკოლებს, ამბულატორიებს, არსებულ სტადიონებს. ამასთან, რამდენიმე სოფელში ახალი მინისტადიონები კეთდება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა.

წლის ბოლომდე, მცხეთაში, როგორც ქალაქ-მუზეუმში, გვექნება მუზეუმი, ქალაქში შემოსასვლელი ხიდი, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს. ვფიქრობთ, არსებულ ხიდი საფეხმავლოდ დავტოვოთ, ვინაიდან არის ისტორიული და საუკუნოვანი.
მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება დაიწყო. პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით განახლდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები თავად განსაზღვრა. პროგრამის ფარგლებში პროექტების გახორციელება უკვე დასასრულს უახლოვდება და სულ მალე წარვადგენთ თითოეულ სოფელში გახორციელებული პროექტების ნუსხას.

-როგორც ვიცი, შარშან დასრულდა მცხეთის სპორტკომპლექსისა და აუზის მშენებლობა. რა ეტაპზეა ამჟამად და როდის იგეგმება გახსნა?
-შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპ-ი „მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“. ბიუჯეტიდან გამოიყო დამატებითი თანხა, რათა მოხდეს სპორტული ინვენტარით კომპლექსის სრულად აღჭურვა. დასაქმდებიან ადგილობრივები, რაც, თავისთავად, შეამცირებს უმუშევართა რაოდენობას. გამომდინარე იქედან, რომ სპეციფიკა იქნება სხვა ა(ა)იპ-ებისგან განსხვავებული, რადგან დილის 6:00 სთ-დან ღამის 12:00 საათამდე იფუნქციონირებს და მომსახურე პერსონალი იმუშავებს ცვლაში. შესაბამისად, დასაქმდება არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ – ათობით ადამიანი. დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება ყველა საჭირო პროცესი, მოხდება საცურაო აუზის გატესტვა და გაიხსნება სპორტული კომპლექსი. მინდა, გითხრათ, ძალიან დიდია მოსახლეობის ინტერესი და მოლოდინი. იმედს ვიტოვებ, გავამართლებთ მათ იმედებს.


– ნიჩბოსნობის ბაზასთან დაკავშირერბით რას გვეტყვით?

– მსგავსი ნიჩბოსნობის ბაზა, საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბაზის ინვენტარით აღჭურვა და მოწყობა, რისი დასრულების შემდეგაც როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო დონის სპორტსმენებს შეეძლებათ ბაზაზე მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები