ადვოკატი: მტკიცებულებები არსებობს, რომ ძალადობის დღეს ანა და დავით ბაგრატიონები საგურამოში იმყოფებოდნენ

“მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ძალადობის დღეს, 2014 წლის 9 მაისს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში დავით ბაგრატიონთან ერთად იმყოფებოდა, ამას სატელეფონო ამონაწერები ადასტურებს”, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოში დღესვე გაიგზავნება.
„იყო განცხადებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ერთდროულად არის სისულელეც და ამპარტავნობაც. დავით მუხრანელი არანაირი ფიგურა არის საიმისოდ, რომ ვინმეს მისი პოლიტიკური დევნის ინტერესი გააჩნდეს. თუ რამეს იღებს ის ამ ხელისუფლების ფარგლებში, არის, მხოლოდდამხოლოდ, მხარდაჭერა. ამის არაერთი ნიშანი არსებობს. შეიძლება, ხელისუფლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, გავლენიანი საჯარო მოხელეები მის ინტერესებს ლობირებენ დღეს.
კონკრეტული ფაქტები არსებობს, სადაც ვლინდება, რომ მას მხარდაჭრა აქვს. მაგალითად, 2017 წლის მარტში დავითმა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით ვიზიტი გაახორციელა ბრიტანეთში და მას შეხვდნენ ბუკინგემის სასახლეში, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ადგილობრივი მედიის მხრიდან. ბუკინგემის სასახლეს მოუწია, თავი ემართლებინა და აეხსნა საზოგადოებისთვის, რატომ მოხდა მისი სამეფო კარზე მიღება. ოფიციალურ ინფორმაციაში დაადასტურეს, რომ ეს შეხვედრა შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. ამ ყველაფრის ფონზე იმის გაცხადება, რომ მას ვინმე პოლიტიკურად დევნის, ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება.
მოვისმინეთ ისიც, რომ, თითქოს, უსირცხვილობა და უთავმოყვარეობაა პოლიციაში გამოცხადება. მე პირადად უსირცხვილობა და უთავმოყვარეობა ქალზე ფიზიკური ძალადობა მგონია და არა – ასეთი ქალბატონის პოლიციაში გამოცხადება.
ბატონი ლევან ჩხეიძე ამბობდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდგომ წყვილს ერთი ღამეც არ გაუთენებიათ ერთ ჭერქვეშო, საგურამოში არასდროს დარჩენილან ერთადო. ჩვენ მიერ მოპოვებულა ახალი მტკიცებილებები დღესვე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ეს არის ანას ტელეფონის ნომრის კომპანიიდან მიღებული დეტალური ამონაწერი. ანას ნომერზე 2013 წლის შემდგომ ზარი საგურამოს დაფარვის ზონაში 700-ზე მეტჯერ არის დაფიქსირებული. ძალადობის დღეს, კერძოდ – 2014 წლის 9 მაისს, 21:35 საათზე, ანას ტელეფონი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ იგი ძალადობის დროს საგურამოში იყო. მოვახერხეთ და მოვიპოვეთ – მხოლოდდამხოლოდ კანონიერი გზით, იგივე მტკიცებულება არსებობს დავითის ტელეფონის ნომერზეც, რომელზეც ასევე ფიქსირდება ზარი ძალადობის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის დროს ანაც და დავითიც საგურამოში იმყოფებოდნენ.
ერთ სამოქალაქო დავაზე, საოჯახო დავასთან დაკავშირებით 3 მოწმე იყო გამოკითხული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. მათ სასამართლოს ორკესტრირებილად მისცეს ცრუ ჩვენებები და თქვეს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რაც ჩვენი მტკიცებულებით დგინდება. ორივე ერთად – ამონაწერი და მათი ჩვენება სიმართლე ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. ხოლო თუ ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებას ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის დანაშაულია. მოწმეებს მოვუწოდებ, მივიდნენ სამართლამდამცველ ორგანოებში და გამოკვეთონ ადამიანები, ვინც დაავალა, ცრუ ჩვენებები მიეცათ და თუ ეს ლევან ჩხეიძე აღმოჩნდა, მე მგონი, ის დროა, ისიც ჯავშნიდეს 1-2 ბილეთს ესპანეთის მიმართულებით”, – განაცხადა გორელაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები