ეკა ბესელია: მგონია, ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს
“მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში არ მიგვაჩნია, რომ რეგლამენტის დაცვა ამ პარლამენტში არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ?!” – ამ სიტყვების პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.
ეკა ბესელიას თქმით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია.
“მესმის, რომ არ არის სასიამოვნო ამაზე საუბარი, მაგრამ გაცილებით უფრო არასასიამოვნოა ახლა, როგორც გამოიყურება პარლამენტი და მე არ მგონია, ეს რომელიმე ჩვენგანს არ აწუხებდეს. მგონია, რომ ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს. რომელ საათზეც არის უმრავლესობისთვის სასურველი, პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იწვევს სხდომას და არ აქვს მნიშვნელობა, რეგლამენტში რა წერია. ასეთი წინადადება მინდა, შემოვიტანო – რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის დარღვევა არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში რეგლამენტის დაცვა ამ პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. რისთვის მივიღეთ ეს რეგლამენტი, რომ ყველა სხდომაზე უნდა დავარღვიოთ?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, დეპუტატთა ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმირებული არ იყო.