თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა (ფოტო,ვიდეო)

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 5 აპრილს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თეთრიწყაროსა და მარნეულში საინფორმაციო ტური გაიმართა, რომლის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტუმრებმა უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს და არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს გაეცნენ, რომლის შესახებ არქეოლოგმა და პროფესორმა, დავით ბერიკაშვილმა ისაუბრა.
საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა სოფელ ასურეთში არსებული გერმანული მემკვიდრეობა და საოჯახო მარნები დაათვალიერეს, ასევე, ადგილობრივი ღვინის – „შალას“ წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიებს გაეცნენ, სტუმრობდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და კვების ობიექტებს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, იმირის გადაჭრილ გორაზე იმყოფებოდნენ, სადაც არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული, ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ასევე, გაეცნენ XXI საუკუნის ძეგლს „გაგის ციხეს“, მის მრავალწლოვან ისტორიასა და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას.
აღსანიშნია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საინფორმაციო ტური უკვე მეორედ გაიმართა, რომლის მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები