ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილს ეწვია და გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაიწმინდა, აღდგა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა.
“წელს მოვახერხეთ, რომ ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე. უკვე დღეიდან, ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა, გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე უნდა გახორციელდეს”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მთავრობის თავმჯდომარე თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და ტურნირში მოასპარეზე მოყვარული სპორტსმენები დააჯილდოვა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და გამარჯვებულებს წინსვლა და წარმატებები უსურვა.
საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მეცენატ გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები