მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. კომპანიის ცნობით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
„ამ დროისთვის, პროექტის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტედენტებს წინადადებების წარდგენა 2019 წლის 23 აპრილის (16:00 საათი) ჩათვლით შეუძლიათ. მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით გაახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბი სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან. ასევე, მოეწყობა, დაახლოებით, 2.5 კმ. წყალარინების ქსელი“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მათივე ცნობით, პროექტის დაწყება 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი, რომელიც 2021 წლის თებერვალში დასრულდება.