გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ საარჩევნო კამპანია ნარაზენიდან დაიწყო.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ნარაზენის მოსახლეობას სოფლის ცენტრში შეხვდა, “ხარების” დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გასახორცილებელ პროექტებზე ესაუბრა. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.
„ნარაზენი ერთ-ერთი განსაკუთრებული სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში. სწორედ აქედან ვიწყებ ჩემს საარჩევნო კამპანიასაც. მინდა გითხრათ ის, რის გახორციელებას ვაპირებთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ჩემი მიზანი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების გახორციელებაა. ჩვენს მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, 10 ქუჩაზე კი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოხდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და ეზოები. წელს, სოფლებში 16 გზის რეაბილიტაცია მოხდება. მიმდინარეობს შამადელაში საბეჭვაიოს გზისა და ოფაჩხაფუ-ნარაზენის გზის მშენებლობა. სიჭინავების უბანსა და შამადელაში კი წყალმომარაგების სამუშაოები გახორციელდება. ნარაზენში გარემონტდება ამბულატორია, ასევე, ვგეგმავთ ხანდაზმულთა თავშესაფრის მშენებლობას. თქვენს სოფელში გაზიფიცირების პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ვიწყებთ. ზუგდიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საკითხები მისთვის პრიორიტეტი იქნება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება. ზუგდიდში აშენდება „ახალგაზრდების სივრცე,“ სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. შემოდგომიდან დაიწყება ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ დარჩნენ ჩვენს მუნიციპალიტეტში და მათი ცოდნა ზუგდიდის მოახმარონ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს ყველა სოფელსა და ქალაქის უბანში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები