ზუგდიდში სანდრა რულოვსის კანდიდატურას პომპეზურად აღარ წარადგენენ – რას აცხადებენ “გაერთიანებულ ოპოზიციაში” (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშია” გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წარდგენას პომპეზურად, დადიანების სასახლის ეზოში აპირებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მათი კანდიდატის აღნიშნულ ფორმატში წარდგენა აღარ მოხდება.
“გაერთიანებულ ოპოზიციაში” არ აკონკრეტებენ, თუ სად შედგება მათი კანდიდატის ოფიციალურად დასახელება. “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სანდრა რულოვსს წარდგენა არ სჭირდება, რადგან მას საზოგადოება ისედაც კარგად იცნობს. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი ზუგდიდის მერობის კანდიდატის პომპეზურად წარდგენაზე უარის თქმისა.
“ზუგდიდში კანდიდატის წარდგენის სამი ვარიანტი გვქონდა. ამ ეტაპზე, ასე გადაწყდა, რადგანაც თუ სახსრების დახარჯვა გვინდა, ჯობია პომპეზურობას არ გადავყვეთ და თანხები სწორად გავხარჯოთ საარჩევნო კამპანიაში. სანდრა რულოვსს კავკასიის რეგიონში არნახული სამედიცინო პროგრამები ჰქონდა და მას გაცნობა არ სჭირდება. გაიცვითა კანდიდატის ტრადიციული წარდგენები, მით უმეტეს, როდესაც კანდიდატს წარდგენა არ სჭირდება”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან “კვირასთან” საუბრისას, ასევე განმარტა, რომ მათ ხალხის მობილიზება არ უჭირთ და ზუგდიდის მერობის კანდიდატის დახურულ კარს მიღმა წარდგენის მიზეზი ეს არ გამხდარა.
“იმათ, ვისაც ჰგონია, რომ ხალხის მობილიზება ვერ შევძელით, გადახედონ 2017 წლის იანვრის ყრილობას სპორტის სასახლეში, შემდეგ მეორე ტურის შეხვედრებს ფილარმონიაში და ყურადღებით შეხედონ და მიხვდებიან, თუ ვინმეს შეუძლია იდეოლოგიით ხალხის მობილიზება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და “გაერთიანებული ოპოზიცია”,- აღნიშნა ვაშაძემ.ამასთან,
ოპოზიციის ლიდერმა პარტიაში ყოველგვარი უთანხმოების არსებობაც უარყო.
“ჩვენს პარტიაში არანაირ უთანხმოებას არ აქვს ადგილი. შიდა დაპირისპირებებს მე ვუყურებ ყოველდღე, როგორც “ქართული ცირკის” საუკეთესო პროგრამას პარლამენტში, სადაც ყოფილი ქოცი მოქმედ ქოცს დედას აგინებს. ამაზე სასაცილო ცხოვრებაში არ მინახავს არაფერი. ვზივარ და ვიწერ იმ საპარლამენტო გამოთქმებს, რომელიც არ გამიგია არსად. აღტაცებული ვარ ქართული ენის მოქნილობით, განსაკუთრებით, როდესაც ერთმანეთს ორი ისეთი იდეოლოგიის და ქართული ფილოსოფიის ,,ბურჯი” ეპაექრება, როგორიც გოგიჩაიშვილი და ხაბარელია”,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ზუგდიდში 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.