ზვიად ძიძიგური: ზუგდიდს სჭირდება მერი, რომელიც თავისი პატრიოტიზმით, საქმის ცოდნით, ქალაქის მიმართ ერთგულებით იქნება გამორჩეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი (გეგა) შენგელიას წარდგენას დაესწრო. ძიძიგურმა სამეგრელოს მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა. მისის განცხადებით, ზუგდიდს სჭირდება მერი, რომელიც თავისი პატრიოტიზმით, საქმის ცოდნით, ქალაქის მიმართ ერთგულებით იქნება გამორჩეული. დეპუტატის შეფასებით, სწორედ ასეთია გეგა შენგელია.
„მოგესალმებით, ძვირფასო ზუგდიდელებო! მაგარო ხალხო, მაგარი ქალაქის მაგარო შვილებო! მე მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იცოდეს, რომ 1993 წლის 24 სექტემბერს მე ვიყავი ზუგდიდში, სხვა ჩემს კოლეგასთან ერთად, უზენაესი საბჭოს წევრთან ერთად, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროინდელი პარლამენტი გახლდათ, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ზუგდიდში. ეს იყო სრულიად დაუვიწყარი მოვლენა. მე მახსოვს, ნახევარ საათში როგორ გაივსო დღეს რომ თავისუფლების მოედანს ვეძახით, ის მოედანი და ხალხი გზადაგზა იცვამდა ტანზე. გაივსო ისე, რომ ნემსი არ ჩავარდებოდა.
ძალიან ძნელი და რთული იყო მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის მხარის დაჭერა, ეს მთელმა სამეგრელომ, ზუგდიდმა მაშინ გაბედა, გააკეთა ის, რასაც გააკეთებს ყველაზე ღირსეული ქალაქი, თუკი ასეთი რამ არის შესაძლებელი. შემდეგ დაისაჯა ამისთვის სამეგრელო მთლიანად – ამ მხარდაჭერისთვის, ზუგდიდიც დაისაჯა, მაგრამ ეს ქალაქი, ეს მხარე დარჩა, იმ მძიმე წლებში, მძიმე წუთებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ეროვნული ქალაქი, პატრიოტული ქალაქი. ფაქტობრივად, დედაქალაქის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული მაშინ ზუგდიდს, რადგან უზენაესი საბჭოს სხდომები ტარდებოდა, მთავრობის სხდომები ტარდებოდა.
ეს არის სრულიად განსაკუთრებული ქალაქი, ახალგაზრდებმა მინდა, განსაკუთრებით იცოდეთ, რომ ასეთი ისტორია აქვს ამ ქალაქს, ამ ქალაქის მკვიდრებს.
აქ ჩემს ბევრ თანამებრძოლს ვხედავ. ყველას მივესალმები და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ქალაქს სწორედაც რომ განსაკუთრებული მერი სჭირდება, ისეთი მერი სჭირდება, რომელიც იქნება თავისი პატრიოტიზმით, საქმის ცოდნით, თავისი ქალაქის მიმართ ერთგულებით გამორჩეული. სწორედ ასეთი კაცია შერჩეული გეგა შენგელიას სახით ზუგდიდის მერად.
დარწმუნებული ვარ, მის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და მინდა გითხრათ, რომ დღეს გეგა შენგელიას წარსადგენად ჩამოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩამოსული არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე თვალსაჩინო და ცნობილი პოლიტიკური ლიდერები. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს პოლიტიკურადაც იმას ნიშნავს, მორალურადაც იმას ნიშნავს და ყველა თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდი იქნება სწორედ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რადგან ამ ქალაქს ეს სჭირდება, ამ ქალაქმა ეს დაიმსახურა.
წარმატებები ყველას ერთად, წარმატებები ერთად ვუსურვოთ ბატონ გეგა შენგელიას და დიდი გამარჯვებებისკენ ვიაროთ ყველამ ერთად“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები