გიორგი შენგელია: ჩემი მერობის განმავლობაში, არცერთი საჭირბოროტო საკითხი უყურადღებოდ არ დარჩება
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ზუგდიდის მერობა საპასუხიმგებლო თანამდებობაა, თუმცა სჯერა, მოსახლეობის თანადგომით, ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას. შენგელია პირობას დებს, არჩევის შემთხვევაში, უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც თითოეულ ზუგდიდელს აწუხებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთან ერთად, ვაკეთო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო საქმე.
იყო ზუგდიდის მერი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა თქვენი თანადგომით, ჩვენ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ზუგდიდელებს. ჩემი მერობის განმავლობაში, უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც აწუხებს თითოეულ ზუგდიდელს. გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოერგება თქვენს საჭიროებებს.
ჩემი მთავარი მიზანია ზრუნვა თითოეულ პენსიონერზე, სოციალურად დაუცველზე, დევნილზე და რიგით ზუგდიდელზე. ჩემი მერობის განმავლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების გვერდში დაყენება და მათთან ერთად უკეთესი ზუგდიდის შექმნა იქნება. ჩვენ ავაშენებთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი იდეების განხორციელებას. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და ისინი არ უნდა ტოვებდნენ ზუგდიდს. თქვენ იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ხარისხიანად, წარმატებულად და კეთილსინდისიერად განხორციელების გარანტი მე ვიქნები.
გარდა ამისა, ჩემი მერობის განმავლობაში, ჩვენ მინიმუმ გავაორმაგებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ის უფრო ეფექტურად მოხმარდება ზუგდიდელების საჭიროებებს.
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი დღემდე მოუგვარებელი საკითხი, რაც ზუგდიდელებს გვაწუხებს, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა და გპირდებით, რომ ამ პრობლემას, როგორც მერი, სრულად მოვაგვარებ. უახლოეს პერიოდში, ზუგდიდის 10 ქუჩაზე დაიწყება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო უკვე დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი”,-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მისთვის მერობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება – უფრო განვითარებული ზუგდიდი და უფრო წარმატებული ზუგდიდელები.
“თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი და მიმზიდველი გახდეს გრძელვადიანი ვიზიტებისთვის. ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და შესაბამისად, მათი შემოსავლის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი როგორიც ანაკლიის პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგა პროექტი გახდება უამრავი ზუგდიდელის დასაქმების წყარო, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენი ყველაზე მთავარი საზრუნავი რეგიონში თხილის კულტურის რეაბილიტაციაა. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით მხარდაჭერას თითოეული ფერმერისადმი, სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქისადმი, რათა მათ, შესაბამისი ცოდნით და საშუალებებით აღჭურვილებმა, მოახერხონ საკუთარი თხილის ბაღების გადარჩენა, რაც ზუგდიდში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის და მთელი მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჩემი და ცენტრალური ხელისუფლების გეგმები განუხორციელებელია თქვენი თანადგომის გარეშე. ჩემთვის მერობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება – უფრო განვითარებული ზუგდიდი და უფრო წარმატებული ზუგდიდელები. მე 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და არც მომავალში ვაპირებ სხვაგან წასვლას. თქვენს მხარდაჭერას ღირსეულად და კეთილსინდისიერად ვემსახურები. მე დავიბადე და გავიზარდე ჩვენს მშობლიურ ზუგდიდში, დავამთავრე მეორე საჯარო სკოლა და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. მე კარგად ვიცი, აქაური საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენ, ზუგდიდელებს გვაწუხებს და ზუსტად ვიცი, რაც არის გასაკეთებელი მათი მოგვარებისთვის. ჩვენ ამას ერთად, აუცილებლად გავაკეთებთ.
ჩემი საქმიანობა არ და ვერ იქნება ფორმალური. მე ვაპირებ, თითოეულ თქვენგანთან ერთად, მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თქვენი შვილები, ჩემს სამ შვილთნ ერთად, უკეთეს გარემოში იცხოვრებენ. თითოეული თქვენგანი, რომელიც მივა საარჩევნო უბანთან და შემოხაზავს 41-ს, ამით მხარს დაუჭერს სიმშვიდეს, სტაბილურობას, წინსვლას და კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალს. თქვენთან ერთად, ჩემო ზუგდიდელებო, ჩვენი მუნიციპალიტეტი გახდება უფრო კეთილმოწყობილი, სოციალურად წელში გამართული და სტუმრებისთვის მიმზიდველი“,-განაცხადა გიორგი შენგელიამ.