მუხრანში, ვაზიანში, ახალუბანსა და ზაჰესის დასახლებაში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული პროექტების გახორციელება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი მარტიდან დაიწყო და, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე ყველა სოფელში გახორციელდება.
როგორც „კვირას“ მცხეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჟამად, მუხრანში, ვაზიანში, ახალუბანსა და ზაჰესის დასახლებაში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობისა და გარე განათებების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე 60 პროექტი გახორციელდება და, ჯამურად, 836 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების ფარგლებში მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს და მათი ხარისხიანად შესრულება შეამოწმეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩა“,- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ახლებური სახით აღდგა და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ 1-ელ მარტამდე დასრულდა. ამ პროგრამით მუნიციპალიტეტებში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, რომლისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 მილიონი ლარით განისაზღვრა.