კურორტ „აბასთუმანში“ კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
დაბა აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ამის შესახებ „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
„სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტედენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18,457,855.00 ლარია. ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის სისტემა ამორტიზებულია, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი დანგრეულია და არ ფუნქციონირებს. კურორტზე კანალიზაციის ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მას შემდეგ მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა.
პროექტით გათვალისწინებულია არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, არსებული ქსელი მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილდენი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს“, – აცხადებენ კომპანიაში.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 1000-მდე ადგილობრივი და ათასობით დამსვენებელი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, ექნებათ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება.
ამ დროისთვის, აბასთუმანში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარით ფინანსდება.