ნიკოლოზ მჟავანაძე VS ნანა კაკაბაძე
„ნანა კაკაბაძეს ბოდიშს არ მოვუხდი“
უფლებადამცველთა შორის სასამართლო დავა ახალ ფაზაში შედის. ამჯერად ნანა კაკაბაძის წინააღმდეგ შესაგებებელ სარჩელს ნიკოლოზ მჟავაძე შეიტანს. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის მიმართ სარჩელს ერთ კვირაში შეიტანს. ნიკოლოზ მჟავანაძე ნანა კაკაბაძისგან ითხოვს, რომ მან უკან წაიღოს ის ბრალდებები, რაც მის მიმართ ნანა კაკაბაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაახმაურა.
„მე დავუმტკიცებ ნიკოლოზ მჟავანაძეს, თუ სად და ვის მიერ იწერება მისი განცხადებები ჩემს წინააღმდეგ. მოვითხოვ ექსპერტიზას და დაიდება დასკვნა. შემთხვევით აღმოვაჩინე, თუ როგორ იწერებოდა ჩემს წინააღმდეგ განცხადებები და მერე ნიკოლოზ მჟავანაძე ამ ყველაფერს ახმოვანებს სხვადასხვა პრესკონფერენციაზე. ამ პირების ვინაობას სასამართლო პროცესზე დავასახელებ. ეს არის ორი ადამიანი, რომელიც ნიკოლოზ მჟავანაძეს განცხადებებს უწერს და ჩემს წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განუცხადა „კვირას“ ნანა კაკაბაძემ.
სასამართლო სხდომის შემდეგ ნიკოლოზ მჟავანაძე „კვირას“ თავად დაუკავშირდა. „ჩვენ ნანა კაკაბიძის მიმართ ერთ კვირაში შევიტანთ შესაგებებელ სარჩელს. ვინაიდან, სწორედ მან, საკუთარი განცხადებებით შელახა ჩვენი პატივი და ღირსება. თითქოსდა ჩვენ ვიღაცის დავალებას ვასრულებთ და ჩვენ ვიღაცა გვმართავს, ამ საკითხებზე სასამართლო პროცესზე ნანა კაკაბაძემ მტკიცებით ფორმით ისაუბრა და ამიტომ დაამტკიცოს მან ეს ყველაფერი. ჩვენ ამ დრომდე არ გვინდოდა შეგვეტანა შესაგებებელი სარჩელი, ვინაიდან მქონდა განცდა, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევდით. თუმცა, ნაცვლად ამისა, სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაზე ნანა კაკაბაძემ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა ჩვენს მიმართ, რის გამოც მოსამართლემ ნანა კაკაბაძეს რამდენიმე შენიშვნაც კი მისცა. ამიტომ იძულებულები ვართ, შესაგებებელი სარჩელი შევიტანოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ციხეებში პატიმრების მასობრივი გაფიცვა და შიმშილობა გარე ძალების ინტერესების ხარჯზე ხდება. მისი თქმით, მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული თემით სპეკულირება სჭირდებათ. მჟავანაძემ ნანა კაკაბაძე აღნიშნულ სქემასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ნანა კაკაბაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს კრიმინალური სამყარო. გავიხსენოთ თუნდაც 90-იანი წლები, როდესაც სწორედ მისი უშუალო ჩარევითა და მაშინდელი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, დაემხო ხელისუფლება. დღეს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება რამდენიმე ხნის წინ ციხის მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელდა, გარკვეულ ძალებს სურთ, იგივე თემით დაიწყონ ამ მოვლენების განვითარება“, – განაცხადა მაშინ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
სწორედ ამის გამო ნანა კაკაბაძემ პატივისა და ღირსების შელახვისათვის ნიკოლოზ მჟავანაძეს საქალაქო სასამართლოში უჩივლა. იგი კოლეგისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. „ნანა კაკაბაძეს ბოდიშს არ მოვუხდი, რა სისულელეა“, – განუცხადა „კვირას“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ. საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა 20 მაისს განახლდება.