ზაზა გაბუნია: მადლობა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმისა და “დედაენის” მხარდაჭერისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, “დედაენის” საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი, ზაზა გაბუნია “დედაენის” კანონპროექტის მეორე მოსმენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
“მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ “დედაენის” მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება “დედაენის” საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ “დედაენა” სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს.
კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.
პროცესში ყველა ის სუბიექტი ჩაერთვება, ვისაც ამ საკითხში კომპეტენცია და გამოცდილება აქვს. ის იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის “დედაენა”, რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროსა და პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან.
მეორე მხრივ, მინდა, მადლობა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმისა და “დედაენის” მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები