მარშანია ჩუგოშვილს კვიციანისთვის მიკროფონის გამორთვის გამო ეთიკის საბჭოში უჩივის

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია პირველ ვიცესპიკერს, თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ადა მარშანიას განცხადებით, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანისთვის მიკროფონის გამორთვა და კვიციანის საკანონმდებლო წინადადების დისკრიმინაციულად მოხსენიება თამარ ჩუგოშვილის მხრიდან არაეთიკური იყო.
„გუშინ საღამოს დარბაზში საზარელი ინციდენტი მოხდა. თხუთმეტიოდე პარლამენტის წევრი იყო და გთხოვთ, ნახოთ გუშინდელი სხდომის ჩანაწერის ის მონაკვეთი, სადაც ემზარ კვიციანი პარლამენტს კანონპროექტს მოახსენებდა. პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. მეტიც, ემზარ კვიციანს გამოურთო მიკროფონი იმ დროს, როცა კვიციანი ჩვენი სულიერი წინამძღოლის, ჩვენი პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა, ციტირებდა და ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული, არაეთიკური ტექსტი და საქციელი. ხომ შექმენით სათაყვანებელი ეთიკის კომისია? იქ შეგვაქვს საჩივარი და გვინდა, რომ ჩუგოშვილის ეს არაეთიკური და დისკრიმინაციული საქციელი ეთიკის კომისიაზე განიხილონ. აღშფოთებულია მოსახლეობა და, ქალბატონო თამარ, თქვენს ბოდიშსაც არ იღებს, იცით თქვენ?!“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
გუშინ პლენარულ სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტის პირველ ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა. ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანიას კომენტარი მოჰყვა.
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ ფასეულობები გამრუდებული გაქვთ. თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“, – თქვა მარშანიამ.
პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები დღეს ჩავარდა – 27 დეპუტატი მომხრე, 13 კი წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები