მამუკა ბახტაძე: განათლების შესახებ კანონი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე გამყარებული, რომ არავინ არასდროს მოაკლოს მას ინვესტიცია
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს „ტექნოპარკში“ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ყურადღება საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა, რომელიც განათლებაზე მშპ-ის 6 პროცენტის დახარჯვას ითვალისწინებს. პრემიერის თქმით, განათლება სხვა პუნქტებისგან განსხვავდება იმით, რომ მას გრძელვადიანი ეფექტი აქვს. „ხვალ მთავრობის სხდომაზე გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტის 25 პროცენტი, ყოველთვის დაიხარჯება განათლებასა და ახალგაზრდობაზე. რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში? ნებისმიერ მოქალაქეს, ახალგაზრდას, ჰქონია ასეთი ფიქრები, ალბათ, რომ რა არის გზა, რომელმაც წარმატება უნდა მოუტანოს მას და მის ქვეყანას, მის საზოგადოებას. ბუნებრივია, მეც არ ვარ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა განცდა ემოციურად და პრაგმატულადაც, რომ განათლება იყო ერთადერთი სწორი გზა. ამ დასკვნამდე მივედი ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, როდესაც მომიწია ბიუჯეტის მომზადება და, ამავე დროს, დავხარჯე ძალიან დიდი დრო, რომ შემესწავლა, დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე როგორ ხდებოდა ბიუჯეტის ფორმირება. იქ დავინახე, სად იყო ჩვენი სისტემური პრობლემა. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, გვაქვს ბევრი სოციალური გამოწვევა, გვაქვს ოკუპაციის პრობლემა. ბუნებრივია, პოლიტიკურ ცხოვრებაზე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს და ბიუჯეტის ფორმირება ხდებოდა ძალიან მარტივი პრინციპით. არსებობს სავალდებულო და აუცილებელი ხარჯები, სოციალური ხარჯები. გვაქვს ხელფასები სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ, საპროცენტო ხარჯი სესხებიდან გამოწვეული და ბოლოს რჩება განათლება. ეს არის, ჩემი ღრმა რწმენით, ის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს საქართველოს. ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ობიექტური რეალობა ასეთია – არჩევნები წარმოადგენს რაღაც მთავარ ორიენტირს და, შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრებაც, გარკვეულწილად, წარმოადგენს დიაპაზონს არჩევნებიდან არჩევნებამდე. განათლება ყველა ამ პუნქტისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს ძალიან გრძელვადიანი ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, ყველა აღიარებს, განათლების გარეშე წარმატებული ვერ იქნება, მოდი, ასე ვიტყვი და ცოტა უხეშ სიტყვას გამოვიყენებ – მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – ყველა ამბობდა, რომ განათლება არის მისი პრიორიტეტი, მაგრამ, ფაქტობრივად რომ შევხედოთ, მისი წილი ყოველთვის იყო ძალიან მცირე ბიუჯეტში. აღარც ვიტყვი მშპ-სთან მიმართებით რამდენი იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა ის გადაწყვეტილებაც განმარტა, თუ რატომ სჭირდება ამ ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე გამყარება. „ჩემი გუნდისთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, ეს საკანონმდებლო დონეზე იყოს გამყარებული, რომ აღნიშნული რეფორმა იყოს გრძელვადიანი. შეიძლება, ხუთ-ექვს წელში ჩვენ მართლაც გავახორციელოთ მშპ-ის 6 პროცენტი განათლებაში, მაგრამ დაზღვეული არავინ იქნება, რადგან მომავალში რომელიმე პოპულისტურმა ძალამ, ან პოპულისტმა პოლიტიკოსმა შეიძლება, თქვას – მე მირჩევნია, ეს 6 პროცენტი დავხარჯო რაღაც სხვა ამბავში, რომელიც შეიძლება, მარკეტინგულად უფრო საინტერესო იყოს იმ მომენტში და მოხდეს ისევ ინვესტიციების შემცირება განათლებაში. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე გამყარებული, რომ არავინ არასდროს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია. სხვა რაღაცას, კი ბატონო. დაფიქრდნენ მომავალში პოლიტიკოსები, იმსჯელონ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არა – განათლების ხარჯზე. ამიტომაც არის ხვალინდელი დღე ასეთი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.