ეკა ბესელია: საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა პირადი შურისძიებით დაკომპლექტდა

“ეს იქნება კობახიძის თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო დელეგაციების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა პირადი შურისძიებით დაკომპლექტდა.
„ეს იმის დემონსტრირებაა, როგორ ხდება საპარლამენტო დემოკრატიის, კულტურისა და სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა. ეს იქნება კობახიძის თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი, რასაც, სამწუხაროდ, სოფო ქაცარავა ეწირება და პასუხისმგებლობა თამარ ჩუგოშვილზე გადადის, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელზე, რომელიც პასუხისმგებელია, ასეთი დისკრიმინაციული და უხეში დარღვევები არ ხდებოდეს. ​წარმოუდგენელია, ევროსაბჭოში დელეგაციაში დეპუტატი გყავდეს, რომელსაც იანვრამდე ვერ ცვლი და ეუბნები – იმისათვის, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება გაახორციელო, ვალდებულებებს არ ავიღებ და შენი ხარჯებით იარეო. ასეთი რამ არ მსმენია და სამარცხვინოა. ეს არის პირადი სულმდაბალი ქცევა, რაც პარლამენტს აკნინებს, თორემ ეს საკითხი ჩემთვის სხვაგვარად არც იკითხება“, – განაცხადა ბესელიამ. ცნობისათვის, პარლამენტმა 10 საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაცია გუშინ განაახლა და ამ მიზნით დადგენილება მიიღო. ევროსაბჭოს შემადგენლობაში ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილების ვადა პირველ იანვრამდე ექნებათ, რის შემდეგაც მათ დელეგაციაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ. დადგენილების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე, სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები