ნანა კაკაბაძე VS ნიკოლოზ მჟავანაძე

უფლებადამცველი უფლებადამცველის წინააღმდეგ

„ნანა კაკაბაძეს ბოდიშს არ მოვუხდი, რა სისულელეა“,- განუცხადა „კვირას“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის სარჩელს იხილავს. გამწესრიგებელ სხდომაზე კაკაბაძის მოპასუხე მხარე ნიკოლოზ მჟავანაძეა. ნანა კაკაბაძემ პატივისა და ღირსების შელახვისათვის ნიკოლოზ მჟავანაძეს სასამართლოში უჩივლა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ნიკოლოზ მჟავანაძე ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებდა. მას ხშირად ჩემს მიმართ ვიღაცა იყენებს და ჩემს ეჭვს სასამართლო სხდომაზე განვაცხადებ. ნიკოლოზ მჟავანაძემ უნდა ახსნას, ვინ დგას მის უკან და ვის მიერ იმართება იგი. მისგან საჯაროდ ბიდიშის მოხდას ვითხოვ“, – განუცხადა ნანა კაკაბაძემ „კვირას“.
„კვირა“ უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძესაც დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უფლებადამცველმა განუცხადა, კაკაბაძის სარჩელი ნონსენსია. მისი თქმით, მან როგორც უფლებადამცველმა საკუთარი მოსაზრება ღიად დააფიქსირა და მას წარმოუდგენლად მიაჩნია ამ თემის სასამართლოში განხილვა.
„დაახლოებით სამი თვის წინ, ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ პრესკონფერენციაზე ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ეს იყო ჩემი ვარაუდი, საქმე ეხებოდა ციხეებში შიმშილობის მასობრივ აქციებს. როდესაც სხვადასხვა დაწესებულებაში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები აქციებს მართავდნენ. მაშინ ეჭვი გამოვთქვით, რომ ხომ არ იმართებოდნენ ისინი ნანა კაკაბაძის მხრიდან. ეს არის ნონსენსი, ეს იყო ჩემი ვარაუდი და პოზიცია, რაც ხმამაღლა გავაჟღერე, როგორ შეიძლება ამის გამო ნანა კაკაბაძეს ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ეჩივლა“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ციხეებში პატიმრების მასობრივი გაფიცვა და შიმშილობა გარე ძალების ინტერესების ხარჯზე ხდება. მისი თქმით, მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული თემით სპეკულირება სჭირდებათ. მჟავანაძე ნანა კაკაბაძეს აღნიშნულ სქემასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
„ნანა კაკაბაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ რეალურად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენოს კრიმინალური სამყარო. გავიხსენოთ თუნდაც 90-იანი წლები, როდესაც სწორედ მისი უშუალო ჩარევითა და მაშინდელი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, დაემხო ხელისუფლება. დღეს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება რამდენიმე ხნის წინ ციხის მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელდა, გარკვეულ ძალებს სურთ, იგივე თემით დაიწყონ ამ მოვლენების განვითარება. თქვენ კარგად გახსოვთ, აქცია ჩატარდა და მოთხოვნებს მიემატა იგივე ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ყბადაღებული 223-ე პრიმა მუხლის ამოღება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან კავშირს გულისხმობს”, – განაცხადა „რეპორტიორის” პრესკლუბში მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ ციხეებში საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები