ზაალ ანჯაფარიძე: მესამე სექტორის ნაწილის რიტორიკა და ნარატივი „ნაცმოძრაობისას“ ემთხვევა

„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის რიტორიკა და ნარატივი „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა და ისინი ერთგვარი სიტუაციური მოკავშირეები გამოდიან. ეს ტენდენცია გამოჩნდა კვლევაში“, – ასე შეაფასა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ანალიტიკოს გია აბაშიძის მიერ დღეს წარმოდგენილი კვლევა, რომელიც სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევას შეეხება.
ანჯაფარიძის თქმით, კვლევაში ნაჩვენებია, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო სექტორზე საკუთარი გავლენის მოპოვებას.
„შეიქმნა ერთგვარი სურათი, რომ სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი ან კონტროლდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ან სხვადასხვა მიზეზის, რაღაც საკითხზე უთანხმოების გამო, ისინი დაპირისპირებული არიან ხელისუფლებასთან. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიური წვდომა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საექსპერტო წრეებთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსს ადგენენ და ანგარიშებს ამზადებენ – ისინი მათ იცნობენ და ენდობიან მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად არსებულ რეალობას მუქ ფერებში წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არაერთხელ გამოვლინდა ტენდენციური ხასიათი და ფაქტობრივი შეცდომა ამ ანგარიშებში – მაგალითად, Freedom House-მა ორჯერ შეასწორა თავისი ანგარიში, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ანგარიშში გარკვეული შეცდომა დაუშვა“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება იმას, რა არის გამოსავალი – ზაალ ანჯაფარიძის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კარგი პრეცედენტი შექმნა – როგორც კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობა აღმოაჩინა, მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მათ ოფიციალური წერილით მიმართა, მიუთითა და ფაქტებით დაუმტკიცა, რომ მათ მიერ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია არასწორი იყო.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა და შეასწორა. იგივე მოხდა Freedom House-ის შემთხვევაში. ასე რომ, საჭიროა რეაგირება, სწორი ინფორმაციის მიწოდება და არაერთ ყურში შეშვება და მეორიდან გაშვება, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს არის, ფაქტობრივად, იმაზე, ვინ მოიგებს ინფორმაციულ ომს“, – აცხადებს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები