ამირან სალუქვაძე: საზოგადოებამ უკეთ უნდა იცოდეს, რა სურათია არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილში, რომელიც პარტიული ნიშნით საქმიანობს
„საზოგადოებამ უკეთ უნდა იცოდეს, რა სურათია არასამთავრობო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პარტიული ნიშნით საქმიანობს და, ამავე დროს, მესამე სექტორს წარმოადგენს“, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
„საზოგადოებისთვის უმჯობესი იქნება, თუ მთლიანი სურათი დაიდება, რა ხდება არასამთავრობო სექტორში. ეს კარგი იქნება უკეთესი ანალიზისთვის, მთელი სპექტრი რომ გაიშალოს. განსაკუთრებით ვგულისხმობ პარტიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ ანალიტიკოს გია აბაშიძის კვლევის კომენტირებისას.
მისი თქმით, კვლევაში აქცენტი, მეტწილად, იმ ორგანიზაციებზე გაკეთდა, რომლებიც, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„ჩვენთვის, ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისთვის, პრინციპში, სიახლე არაფერია. არც ისაა სიახლე, როდესაც საჯარო სამსახურიდან ადამიანი არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს. არ მინდა, ყველა დავადანაშაულო მიკერძოებაში, თუმცა, თუ ადამიანი პარტიის აქტივისტად რჩება, ის ყოველთვის იქნება, მეტ-ნაკლებად, მიკერძოებული და თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ მიდის პარტიიდან, გადადის არასამთავრობო სექტორში და საქმიანობს, ეს აბსოლუტურად სხვა სურათია“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ექსპერტმა გია აბაშიძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია, როგორ შეაღწია „ნაციონალური მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.