თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით გაიმართება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ.
მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.
„აღსანიშნია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა – ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად, ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.
ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება. წელსაც, საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ითვალისწინებს ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობას. ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე, მათ შორის – 15 უცხოური გუნდისთვის.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; პარტნიორები არიან სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ და სასტუმრო „მაჯესტიკი“ ფესტივალის გამახორციელებელია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები