დავით დარახველიძე IOM-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლორა ტომპსონს და ამავე ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას შეხვდა.
ლორა ტომპსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. მინისტრმა დავით დარახველიძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ლორა ტომპსონი საქართველოში პირადად მოიწვია. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მინისტრმა მოწვეულ სტუმარს მობილურობის ცენტრი დაათვალიერებინა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნო.
“მობილურობის ცენტრის” დახმარებით, ემიგრაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, საზოგადოებაში ღირსეული ინტეგრაციის საშუალება ეძლევათ. ცენტრის მუშაობის შედეგად, მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არალეგალური მიგრაციის საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული საშიშროების შემცირების კუთხით.
მინისტრ დავით დარახველიძის განცადებით, „მობილურობის ცენტრის“ საშუალებით, მიგრანტები იღებენ სამართლებრივ და სამედიცინო დახმარებას, ხელი ეწყობათ მცირე ბიზნესის განვითარებაში, ხდება მათი გადამზადება და პროფესიული უნარების შეძენა.
„მობილურობის ცენტრები“ საწყის ეტაპზე საქართველოს 4 ქალაქში, თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის მიერ და 42 თვის მანძილზე გაგრძელდება, რის შემდგომაც, ცენტრის მმართველობა ეტაპობრივად დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცემა“, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლორა ტომპსონის განცხადებით, ის მოხარულია, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ბატონი მინისტრის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს მე თბილისში ვიმყოფები. დროის მცირე მონაკვეთში თქვენ დიდ წარმატებას მიაღწიეთ და ვამაყობ, რომ ამ წარმატებაში ჩემს ორგანიზაციასაც მიუძღვის წვლილი. მე მივიღე დეტალური ინფორმაცია მობილურობის ცენტრის შესახებ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩვენს სტრატეგიას თქვენს პრიორიტეტებს მოვარგებთ. მობილურობის ცენტრის ფუნქციონირება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ლორა ტომპსონმა.