საქართველოს ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი სამსახურიდან გააცილეს – “კუკური სარალიძეს ბრაკონიერობის არაერთი ფაქტი აქვს გამოვლენილი”
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი – კუკური სარალიძე გააცილეს, რომელიც ბორჯომის ნაკრძალში 1983 წლიდან მუშაობდა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, 35 წლის განმავლობაში, იგი უწყვეტად იცავდა საქართველოს ბუნებას, მათ შორის ისეთ პერიოდებში, როდესაც შესაბამისი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა. მის მოვალეობაში კანონდარღვევების აღკვეთა, ცხოველების კვალის აღრიცხვა და გარემოს კონტროლი შედიოდა. ყოველი მორიგეობის დროს, რთული რელიეფიდან გამომდინარე, 20 კილომეტრს ფეხით ან ცხენით გადიოდა.
კუკური სარალიძეს ბრაკონიერობის არაერთი ფაქტი აქვს გამოვლენილი და დაჯილდოებულია დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კუკური სარალიძის პატივსაცემად, მის სამორიგეო ტერიტორიაზე, ქვაბისხევში მდებარე ტურისტულ თავშესაფარს „კუკურის ქოხი“ ეწოდა.
ღონისძიებაზე კუკური სარალიძე მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვეს.