თეა წულუკიანი „ყოფილი მსჯავრდებულების ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ პროექტში გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ყოფილი მსჯავრდებულების ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ პროექტში გამარჯვებულებს შეხვდა. ისინი საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყების, ან გაფართოებისათვის იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 4000 ლარს მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხით ისინი საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა-განახლებას, პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.
თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმრებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი აგრძელებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამას, ის არის ერთადერთი ცენტრი საქართველოში, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემის მიღმა და ზრუნავს ყოფილ პატიმრებზე… ჩვენ შევხვდით დღეს ხუთ ყოფილ პატიმარს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და გაიმარჯვეს. ეს პროექტები წაადგება არა მარტო კონკრეტულად, ამ ადამიანებს, არამედ ყველა იმ ყოფილ პატიმარს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან და დაინახავენ, რომ ყოფილი პატიმარიც შეიძლება იყოს წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 32 ყოფილი პატიმარი მონაწილეობდა. მათგან 28 პირმა სპეციალური სამდღიანი ბიზნესტრენინგი გაიარა, რის შემდეგაც 19-მა საკონკურსო ბიზნესგეგმა წარმოადგინა. საგრანტო კომიტეტმა 5 გამარჯვებული გამოავლინა და გრანტები შემდეგი მიმართულებით გასცა: მესაქონლეობა, ვაჭრობა/სანაყინე, ხერხემლის რეაბილიტაციის სტაციონარი, ფეხსაცმლის საამქრო, კომპიუტერული მომსახურების ოფისი. გამარჯვებულ ბენეფიციარებს საჭიროების მიხედვით გაეწიათ როგორც იურიდიული კონსულტაცია, ისე სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. ზოგიერთი მათგანი ჩართული იყო დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სოციალური უნარების განვითარების ტრენინგში.
„ყოფილი მსჯავრდებულების ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ პროექტს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფილ პატიმართა გადამისამართება სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განახორციელა. ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროექტის მიზანი იმ ახალგაზრდებზე ზრუნვაა, რომლებიც ერთხელ უკვე მოხვდნენ საპატიმროში. პროგრამა ყოფილი პატიმრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელახალი მოხვედრის ალბათობის შემცირებაზეა ორიენტირებული, დანაშაულის პრევენცია კი საზოგადოებაში დაცულობის, უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები