თამარ ჩუგოშვილი: ეს არის ამაზრზენი დანაშაული ჩადენილი ქალის, პარლამენტის წევრის მიმართ
“ვინ ვის რას აბრალებს – ეს ჩემი საქმე არ არის, ერთმანეთში გაარკვიონ ადამიანებმა. ეს მე ნამდვილად არ მეხება”, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას. ამასთან, თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ეს არის ამაზრზენი დანაშაული ჩადენილი ქალის, პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც არ შეიძლება, დარჩეს გამოუძიებელი.
„მე ვუპასუხებ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეეხება, კონკრეტულად, სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას. დანარჩენი, ვინ ვის რას აბრალებს – ეს ჩემი საქმე არ არის, ერთმანეთში გაარკვიონ ადამიანებმა. ეს მე ნამდვილად არ მეხება. გავიმეორებ, რომ არც მგონია სწორი ამ დისკუსიების პარლამენტში გაგრძელება. მაგრამ მათი არჩევანია, პარლამენტის წევრები არიან. შეუძლიათ, რაც უნდათ, თქვან – ენას ძვალი არ აქვს. რაც შეეხება დანაშაულს – ამ დანაშაულის გამოძიებაში გამავრცელებლების პასუხისგებაში მიცემა, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი. საჭირო არის, ყველა დავრწმუნდეთ, რომ გამოძიება აკეთებს ყველაფერს პირველწყაროს დასადგენად. ეს არის ამაზრზენი დანაშაული ჩადენილი ქალის, პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც არ შეიძლება, დარჩეს გამოუძიებელი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფო კილაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, მის წინააღმდეგ დაწყებულ მორალურ ტერორში დაადანაშაულა. მათიკაშვილმა ბესელიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როგორი უზნეობაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაა, ისეთივე უზნეობაა ამ დანაშაულის ადამიანებისთვის დაბრალება.