ხულოს მუნიციპალიტეტში – გელაძეებში, პაქსაძეებში, კორტოხსა და მანიაკეთში კრებები გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრებები გელაძეებში, პაქსაძეებში, კორტოხსა და მანიაკეთში ჩატარდა.
როგორც „კვირას“ ხუროს მერიიდან აცნობეს, შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივებს წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზე ესაუბრნენ; ასევე, მას გააცნეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.
„მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გელაძეებში, პაქსაძეებსა და კორტოხში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა. სოფელ მანიაკეთის მოსახლეობა მათთვის განკუთვნილი თანხით შიდა სასოფლო გზაზე სანიაღვრე არხს მოაწყობს. კრებები ჩატარდა დიდ რიყეთსა და ბოძაურში. სოფელ დიდი რიყეთის მოსახლეობამ არჩევანი შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე შეაჩერა, ხოლო ბოძაურის მოსახლეობამ სოფლიდან სახნავ-სათიბ სავარგულებამდე შიდა გზების მოწყობა გადაწყვიტა“,- აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა, უშუალოდ, მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.