სოფო ქაცარავა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა, სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, აშშ-ის დღის წესრიგში დადგნენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სახელმწიფო მდივანს, ამერიკისთვის სტრატეგიულ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად, კითხვა დაუსვეს საქართველოსა და უკრაინაზე, თავისთავად, ცხადყოფს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და უკრაინას დიდი ადგილი უკავიათ. “კითხვა იყო საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან აგრესიის კონტექსტში. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა მისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათი პოზიცია არის ცალსახა და მნიშვნელოვანია, რომ, სტრატეგიულ საკითხებთან ერთად, ეს ორი ქვეყანა დადგა დღის წესრიგში“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ. „მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რესპუბლიკელი კონგრესმენის, სტივ ჩაბოს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.